„60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო“ – ოპოზიცია ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს

საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფისთვის დამატებით მილიონ 254 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ აუცილებლობის წინაშე, თბილისის მერია ძველ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულების და ფორს მაჟორულ ვითარებაში გაფორმებული ახალი შეთანხმების გამო აღმოჩნდა. კომპანია, რომელმაც სკოლამდელი დაწესებულებები და ასევე საზაფხულო ბაღები საკვებით უნდა მოამარაგოს, ამბობს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა, რომელიც ერთი ბავშვის გამოკვებაზეა გათვლილი, საკმარისი არ არის და დადგენილი ზღვარი უნდა გაიზარდოს.

საკრებულოს ოპოზიციაში დამატებითი შტატის შექმნაზე საუბრობენ, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მათი განმარტებით, ბაღების მართვის სააგენტომ შპს „მზიურისთვის,“ რომელიც საბავშვო ბაღებს დროებით პროდუქციით ამარაგებს, დამატებითი კადრები გამოჰყო. საქმე ეხება პირს, რომელიც საკვებ პროდუქციას დანიშნულების ადგილამდე მიიტანს, რისი საჭიროებაც წინა კომპანიის მუშაობის პირობებში არ იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი არასწორ და ბიუჯეტისთვის დამაზიანებელ გათვლებზე საუბრობს და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია. ასევე, დედაქალაქის მერიისვე, ანუ ამ შემთხვევაში ბაღების მიერვე შექმნილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანია, რომელსაც ერთი მილიონი ლარით მეტს ვუხდით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ბაღში, ამ შემთხვევაში რომელი აქტებიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად 4 ივნისს ვერ მიაწოდა ვაშლი, ვერ მიაწოდა კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მილიონი ლარით მეტს გადაიხდის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ „ნილს“ გაუწყვიტეს ხელშეკრულება, 60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ ვითხოვთ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს პასუხობენ საკრებულოს უმრავლესობაში. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ოპონენტის განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.

„როცა იყო გადაცდომა, მათ შორის, ერთჯერად გადაცდომაზეც კი, არის რეაგირება და შესაბამისად, გაუქმდა ხელშეკრულება, დაიდო ახალ მიმწოდებელთან ხელშეკრულება და აქედან გამომდინარე, არის სწორედ ეს ზეგანაკვეთური მუშაობა, რასაც მიეძღვნა სწორედაც, რომ ეს ბრიფინგი, მაგრამ სამწუხაროდ მას მოჰყვა პოლიტიკური და სპეკულაციური განცხადებები. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც არის ვითარება და არა საპნის ბუშტზე,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საკვებით კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფდა, რომელსაც მერიამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა. შპს „ნილი“ დღეში ერთი ბავშვის გამოკვებისთვის ითხოვდა 3 ლარს და 20 თეთრს, ხოლო ახალი კომპანია ბავშვების გამოკვებისთვის დღეში თითო ბავშვზე ითხოვს 1 ლარით მეტს.

banner
წინა სტატიაშიზაზა გაბუნია : პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვა არ გამოვა
შემდეგი სტატიაშევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული გახდეს, მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას – რულოვსი