6 თვეში სამინისტროებში 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემიაა გაცემული

IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2015 წლის 6 თვის განმავლობაში, სამინისტროებში გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია.
კვლევის მიხედვით, აქედან, პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით – 4 532 162 ლარი.
მიმდინარე კვლევაში, რომელიც 2015 წლის 6 თვეს მოიცავს, სამინისტროების გარდა წარმოდგენილია სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია.
“როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილმა 2014 წელს საჯარო დაწესებულებებში პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკის შესახებ ანალიზმა აჩვენა, 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ პრემიების გაცემაზე დაწესებულმა რეგულაციებმა განაპირობა მთელ რიგ სამინისტროებში პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია. აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებულია 2015 წელსაც. კერძოდ, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს 14 სამინისტროს და სამი სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით – 4 532 162 ლარი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც IDFI-ში განმარტავენ, სამინისტროებს შორის, რომლებმაც ინსტიტუტს სრულყოფილად მოაწოდეს ინფორმაცია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს ერთადერთ უწყებას, სადაც 2015 წლის 6 თვის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო დანამატების ოდენობას. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ხსენებული სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებისათვის, გარდა მინისტრისა, ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაწესებული არ არის.
“2014 წლის მსგავსად, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაშიც სამინისტროების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტად დარეგულირებულია მინისტრის შრომის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 6 250 ლარს (თანამდებობრივი სარგო – 3540 ლარი და პრემიერ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატი – 2710 ლარი). მიღებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (3540 ლარი) პრემია მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს.
მინისტრის შრომის ანაზღაურებისგან კვლავ განსხვავებული მდგომარეობაა სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა, ყველა სამინისტროს თანამდებობის პირებისათვის განსაზღვრულია ყოველთვიური სახელფასო დანამატი, თუმცა სხვადასხვა სამინისტროში იგივე პოზიციაზე დასაქმებული თანამდებობის პირის ყოველთვიური სახელფასო დანამატი მნიშვნელოვნად გასხვავდება ერთმანეთისგან”, – ნათქვამია კვლევაში.
როგორც IDFI-ში აღნიშნავენ, საქართველოს სამინისტროებს შორის, 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას თავი აარიდეს მხოლოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. აღნიშული უწყებების შემთხვევაში ხელმისაწვდომია მხოლოდ თანამდებობის პირებზე გაცემული თანამდებობრივი სარგოების, პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ჯამური მონაცემები. შესაბამისად, შეუძლებელია მათთან არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ რეალური სურათის დანახვა.

banner
წინა სტატიაში“მარჯვენა სექტორი” პოროშენკოს ემუქრება
შემდეგი სტატიაკლინტონმა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გეგმა გაასაჯაროვა