55 წელს ზემოთ მოქალაქეებისა და პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში დღეიდან 55 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი თანდათან ფართოვდება.

„ვაქცინირებულია 10 845 მოქალაქე, როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე 65 წელს ზემოთ მოსახლეობა. 30 აპრილამდე აცრები დაჯავშნილი აქვს 19 170 მოქალაქეს. აქედან სამედიცინო პერსონალი არის 3 848, 65 წელს ზემოთ მოქალაქეები კი 11 081. ორშაბათიდან გაფართოვდა ასაკობრივი ჯგუფი, დაემატა 55 წელს ზემოთ მოქალაქეები. მათი რეგისტრაცია დაიწყო პარასკევს საღამოს და დარეგისტრირებულია 4000-მდე მოქალაქე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თანდათან ფართოვდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც.

„ორშაბათიდან ემატება რამდენიმე ჰოსპიტალი თბილისში, კიდევ დამატებით ხუთი ჰოსპიტალი. შაბათს ჩამოვიდა 100 000 დოზა დოზა ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“, რომელიც წარმატებით გამოიყენება დაახლოებით 40-მდე ქვეყანაში. ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ამიტომ ის დასაწყობდა დაავადებათა კონტროლის საწყობში. მას შემდეგ, რაც აპრილის შუა რიცხვებში ის მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, ქვეყანაში დაიწყება ამ ვაქცინითაც აცრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფებიც.

„დღეიდან ასევე იქმნება პილიციელთა სარეზერვო ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭომ ჩათვალა, რომ რადგან პოლიციელებს ყველაზე მეტი კონტაქტი აქვთ მოსახლეობასთან, ისინი იყვნენ სარეზერვო ჯგუფში და როდესაც ამა თუ იმ კლინიკაში ვერ ხორციელდება სულ მცირე ათი ადამიანის აცრა და დანაკარგის ალბათობაა, ამ სარეზერვო ჯგუფებიდან მოვიწვიოთ პოლიციელები, რომ ისინი იყვნენ აცრილები. რაც შეეხება ჯარს, იქ სხვა მხრივ განიხილება ეს საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველოს ჯარის გარკვეული ნაწილები მონაწილეობენ უცხოეთის სხვადასხვა მისიაში და ეს ჯარისკაცები იქნებიან აცრილები. ჯარი სარეზერვო ჯგუფში არ განიხილება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქტივისტ ირაკლი ფანგანს სცემეს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი – ღარიბაშვილს პაიკსაც ვერ შევადარებდი, კობახიძემ წერა-კითხვა ისწავლოს