5 ივლისს, პოლიციელის გინებისთვის, გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

“თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ პოლიციამ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული მუხლით საქმე აღძრა.

როგორც ის Facebook-ზე წერს, საქმე უკავშირდება 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც მან პოლიციელს სატელეფონო საუბრისას აგინა.

თაბაგარის განმარტებით, იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები მოქალაქეებს არ იცავდნენ და მათი სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, ერთერთმა პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ ზარალის აღწერისთვის “თბილისი პრაიდის” ოფისის დათვალიერება სურდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.

“ფრიად უცნაური და მოულოდნელი ზარი მივიღე გუშინ. თან როუმინგზე ვარ და უცხო ზარებს არ ვპასუხობ ხოლმე, თუმცა ამ ზარს ვუპასუხე რატომღაც

მოკლედ, ძველი თბილისის პოლიციიდან დამირეკა ერთმა გამომძიებელმა და მამცნო რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ადმინისტრაციულით.

საქმე ეხება 5 ივლისს ჩემსა და ამ ადამიანს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას.

ალბათ იკითხავთ რა მოხდა 5 ივლისსო?

2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო.

არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას”, – წერს გიორგი თაბაგარი.

banner
წინა სტატიაშიციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებელი – მესამე ძალამ“ ქუთაისის მერობის კანდიდატი დაასახელა