5 ივლისის საქმე: სასამართლომ აქტივისტების საჩივარი დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლების აქტივისტების საჩივარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

GDI-ს ინფორმაციით, 27 სექტემბერს აქტივისტების სახელით პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. პროკურორი ვალდებული იყო 48 საათის განმავლობაში გამოეცა დადგენილება დაზარალებულად ცნობის ან დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, GDI-ს განცხადებაზე არ უპასუხა.

2021 წლის 8 ოქტომბერს GDI-მ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა პროკურორის უმოქმედობა და მოითხოვა დაევალებინა ქვემდგომისთვის, კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოცემა. მათი ცნობით, საჩივარზე ზემდგომმა პროკურორმა რეაგირება არ მოახდინა. GDI-მ მომხდარი სასამართლოში გაასაჩივრა.

“2021 წლის 27 ოქტომბერს სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა მსხვერპლების ადვოკატის საჩივარი. სასამართლომ აღნიშნა: „ვინაიდან არ არის დაცული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები (პროცესუალური ნაწილი) და ასევე საქმეში წარმოდგენილი არ არის როგორც პროკურორის, ასევე ზემდგომი პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, იმსჯელოს მასში მითითებულ გარემოებებზე, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.“

პროკურორისა და ზემდგომი პროკურორის მიერ, კანონის უხეში დარღვევით, მიმართვიდან 48 საათში დადგენილების გამოცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სასამართლომ პროკურატურას არ დაავალა აღნიშნული დარღვევის გამოსწორება, კერძოდ კი, დაზარალებულებს უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი – მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, რადგან უნდა, უმძიმესი დანაშაულები შერჩეს
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი: როცა გარკვეულ დაჯგუფებებს სურთ, სააკაშვილის შიმშილობა შეიფუთოს, როგორც პროტესტის აქტი, ეს ფასადური მცდელობაა