5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

news
ავტ.: news ივნისი 5, 2015 10:07

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

 

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. როგორც “თაიმერს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი და გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან ერთად, გამწავანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. კიკვიძის (ვეტერანთა კულტურისა და დასვენების) პარკში ტუიას სახეობის 100-მდე ნერგი დაირგვება. აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე, მინისტრი საფრანგეთის ელჩთან, რენე სალენსისთან და გაეროს ელჩთან საქართველოში ნილს სკოტთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალურ კონფერენციას – “კლიმატის ცვლილება” გახნის.

ღონისძიება მსფოლიოს 100 ქვეყანაში ტარდება და მასში 10,000- მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას. წელს ღონისძიებას საქართველოც უერთდება, რომელშიც მონაწილეობას იღებს 120-მდე მოქალაქე საქართველოს ყველა რეგიონიდან. “კონფერენციის მონაწილეებს კლიმატის ცვლილებების შესახებ მოკლე ვიდეორგოლების მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდებთ, რის შემდეგაც აუდიტორია მიიღებს კითხვებს კლიმატის ცვლილების თემაზე. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეების მიერ გაცემული პასუხები შეგროვდება და გადაიგზავნება კონფერენციის საერთაშორისო საიტზე. შედეგად მსოფლიოს 100 ქვეყანას შორის, გარემოსდაცვით რუკაზე, საქართველოც განათდება, როგორც ქვეყანა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გლობალურ სამოქალაქო დიკსუსიაში და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კლიმატის ცვლილებების შესახებ. ღონისძიებაზე შეგროვებული ინფორმაცია შემდგომში წარმოადგენილი იქნება გაეროს ჩOP21 – მხარეების საერთაშორისო კონფერენციაზე”, _ აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე თვინინგის პროექტის – “საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება” – დახურვის ღონისძიება გაიმართება. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტების მიერ, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის მენეჯმენტის გეგმა მომზადდა, რომლის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერება. სხვადასვა სამთავრობო, დონორ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბორის იაროჩევიჩი მიმართავენ.

როგორც სამინისტროში განამარტავენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა” (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი სლოგანი “იცოდე მეტი გარემოზე” სწორედ დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსების მოხმარებას უკავშირდება. სლოგანი გამოხატავს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების სტაბილიზაციასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას.

“არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ ადამიანების მიერ ბუნებრივი რესურსების მოხმარება არამდგრადია და დედამიწის ბუნებრივი რეგენერაციის უნარი თანდათანობით იკარგება. დღეს, ადამიანები მოიხმარენ 1,5 პლანეტის ექვივალენტ ბუნებრივ რესურსს, რაც ნიშნავს რომ დედამიწას ჭირდება 1 წელი და 6 თვე იმისთვის, რომ აღადგინოს დანახარჯი. თუ წარმოება და მოხმარება ამ ტემპით გაგრძელდა, 2030 წლისათვის 2 პლანეტა იქნება საჭირო ადამიანების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, _ აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

“გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას”, _ აცხადებენ სამინისტროში.

news
ავტ.: news ივნისი 5, 2015 10:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics