ოჯახური ძალადობის დროს მოძალადე პირი უნდა დააკავონ 48 საათით – “ევროპული საქართველო” ინიციატივით გამოდის

ევროპული საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროპული საქართველო მზადაა პარლამენტში ძალიან სწრაფ დროში შეიტანოს ინიციატივა, რომ ყოველი დღე არ იყოს დაკარგული და შევძლოთ დავიცვათ მეტი ქალი და მეტი ოჯახი სისასტიკისგან.
,,გუშინ თბილისში ჩვენ წარმოუდგენელი სისასტიკის მოწმე გავხდით. 25 წლის ქალი, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ, მოკლეს. სამწუხაროდ, ქალებზე ძალადობა და არის სენი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ, ევროპული საქართველო გამოვდივართ კონკრეტული ინიციატივით, რამაც შეიძლება შეამციროს ეს საფრთხე, დაიცვას მეტი ქალი. იმ შემთხვევაში როცა ქალი იძახებს პოლიციას და პოლიციელი ხედავს შემაკავებელი ორდერის გამოწერის აუცილებლობას, ანუ ძალადობასთან გვაქვს საქმე, ამ დროს ერთი ფურცლის გამოწერის მაგივრად მოძალადე 48 საათით უნდა დააკავონ. ამ დროში შესაძლებელია მსხვერპლის ოჯახიდან რეალური განრიდება. საერთაშორისო გამოცდილებაც აჩვენებს, რომ პოლიციის გამოძახებიდან 48 საათი ყველაზე საშიში დროა ძალადობის განმეორებისთვის ან უარესი დანაშაულის ჩადენისთვის. ამ დროის შემდეგ ჩაერევა სასამართლო და ყველაფერი წავა იმ წესის მიხედვით, რაც ჩვენს ქვეყანაშია დადგენილი. ჩვენ ეს ინიციატივა განვიხილეთ უკვე რამდენიმე კვირის წინ უშუალოდ მსხვერპლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მხარდაჭერა მოიპოვა მათგან. ვფიქრობთ, რომ დღეს აღარ არის გადადების დრო, მზად ვართ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის,’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისირიაში ფრანგების სარაკეტო დარტყმის ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიასენაკში ახალშობილის ცხედარი იპოვეს