4,6კგ ოქროსა და 50,2კგ ვერცხლის ნაკეთობები – დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ხუთი ფაქტი გამოავლინა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლოს“, „სარფის“ და „ნინოწმინდის“ გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ჯამში 4,6 კგ ოქროსა და 50,2 კგ ვერცხლის ნაკეთობები; ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ცდილობდა მალულად შემოიტანა 277 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული ძვირფასი ლითონის საბაჟო ღირებულება ჯამში 360 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით” – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : მარია ზახაროვას განცხადება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე აღარ განიხილება