4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

პაპუაშვილი: ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება

როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 9 აპრილის შემდეგ – თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მათი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს– ამ განცხადებით გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტი საბჭოთა მენტალობის ადამიანებით არის ინფილტრირებული, რომელთაც ქართველი ხალხის მიმართ აქვს ზიზღი.

“ევროპარლამენტის და მისი რეზოლუციების სერიოზულად შეფასება რთულია. უკვე მეცხრე რეზოლუციაა, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით იღებენ. აქ გასაკვირიც აღარაფერი არ არის. ვხედავთ, რომ შემოდგომა და გაზაფხულია პერიოდი, როდესაც ანტიქართულ ჯგუფებს გამწვავება ემართებათ. ერთ მხარეს არის EPP – ღირებულებით უფსკრულზე მყოფ პარტიათა გაერთიანება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ დემოკრატად მიაჩნია. მეორე მხრივ ვხედავთ გორბაჩოვის თანამებრძოლს იუკნევიაჩიანეს, ასტრახანელ გერმანელებს და ასე შემდეგ – ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან და ამით ინფილტრირებული ჰყავთ ევროპარლამენტი. უკვე 9 რეზოლუცია გვაქვს ნანახი, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ და ეს არის მესამე რეზოლუცია, სადაც ჩემი სახელი და გვარიც ამოვიკითხე.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებენ, ევროპარლამენტის შემთხვევაში ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება – ამიტომ ღირსად რომ ჩავთვალოთ, რომ რაიმე განხილვის საგანი იყოს, ჯერ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს და შემდეგ შეიძლება მათმა საუბარმა რაიმე წონა შეიძინოს.

ევროპარლამენტი საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას მოგვაგონებს – არის ერთი -ერთში იგივე ესთეტიკა. ინტერნეტში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა ზოგიერთი რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატი. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის სახალხო დეპუტატთა ყრილობის მიმართ? – როგორც მაშინ არ მივაქციეთ ყურადღება იმ ლანძღვას, რომელიც მაშინ ამ ყრილობიდან მოდიოდა, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვასა და ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ევროპარლამენტს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს. რასა იუკნევიჩიანეს ქართველები რომ ვეზიზღებით, ეს ეტყობა მის ლექსიკას, რიტორიკას და ყველაფერს – მას სტალინი პირად მტრად ჰყავს და რაკი სტალინი ქართველი იყო, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ეს ვერ მოუნელებია.

თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთო დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს – ხალხთან, რომელსაც პირდაპირი ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის ევროპარლამენტის დარბაზს იყენებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია
შემდეგი სტატიაგვარამია – ივანიშვილს ქუჩა „გაექცა“, ქუჩა, რომელიც, პოლიციასთან ერთად, მისი მთავარი დასაყრდენი იყო