44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.
ევროპარლამენტარების წერილს უცვლელი სახით გთავაზობთ:
“ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, გწერთ, რათა გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება და აღელვება ბოლო პერიოდში ონლაინ სასამართლო მოსმენიდან გავრცელებული იმ დამთრგუნველი ვიზუალური მასალის გამო, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ და მკვეთრ გაუარესებას. მკაფიოა, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, რასაც პოტენციურად საშინელი შედეგები და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს.
მტკიცედ გვჯერა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ახლანდელი სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ეხმარება მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. შესაბამისად, მყისიერი ზომების მიღება ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, ვიდრე კრიტიკულ საფეხურს მიაღწევს, ძალიან მნიშვნელოვანია.
სააკაშვილის მდგომარეობის სწრაფი უკუსვლის ფონზე, ჩვენ ხელმომწერი ევროპარლამენტარები, დაუყოვნებლივ მოგიწოდებთ, მიმართოთ ერთადერთ ემპათიურ, მორალურად სამართლიან და ეფექტურ გზას: გადაიყვანოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს, მიიღოს აუცილებელი და ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობა.
როგორც ევროპარლამენტარები, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, უნივერსალური ადამიანური ღირებულებების, თითოეული ინდივიდის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობას, რასაც ეფუძნება ევროკავშირის პროექტი. ველით, რომ, როგორც ევროკავშირის წევრები, ასევე კანდიდატი ქვეყნები, დათქმების გარეშე აჩვენებენ ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ურყევ ერთგულებას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ადამიანური თანაგრძნობისა და ნებისმიერი ინდივიდისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების ბაზისურ უფლებებისადმი თანაბრად ურყევი ერთგულების დემონსტრირებას.
გვჯერა, რომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას დაუთმობთ და საჭირო ნაბიჯებს გადადგამთ, რათა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა უზრუნველყოთ.” – წერია ერთობლივ წერილში.