320 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 320 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები საჯაროა და გამოქვეყნდა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ამჟამად, ზუგდიდში იმყოფებიან დევნილთა და განსახლების მინისტრის სამი მოადგილე და დევნილთა დეპარტამენტის წარმომადგენლები. ზუგდიდში მუშაობს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომლის მუშაობის პროცესში სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულები. მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ამოწმებენ.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია კორექტირდეს დევნილი ოჯახებისათვის მინიჭებული პირველადი ქულები.

ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ამ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს ყველაზე მაღალი ქულების მქონე 320 ოჯახი მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე და სიის ნახვა ასევე შესაძლებელი იქნება ზუგდიდის რეგიონალურ სამმართველოში.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფოს ახალი ოპერაციები პაკისტანსა და ავღანეთში
შემდეგი სტატიაპროკურატურა განცხადებას ავრცელებს