41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს

გუშინ ბათუმის კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თრომბოემბოლარულ გართულებას, თუმცა მოკვლევის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

„მედიცინაში რთულია 100-პროცენტიანი რისკების გადაზღვევა, გამონაკლისი აუცილებლად იქნება და ამისთვის არსებობს ტრენინგები, მთავარია, ზედმეტად არ გარისკონ ექიმებმა და ვისაც სტაციონარი სჭირდება, არ მოხვდეს ბინაზე. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, პირველადი დაკვირვებით, სახეზე იყო თრომბოემბოლური გართულება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალური სურათი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კოვიდის მართვისას გამოიყენება ქართულ ბაზარზე არსებული მედიკამენტები. მისივე ქმით, სწორედ ამ მედიკამენტების გამოყენებით მოხდა პაციენტების გამოჯანმრთელება და ინფექციის წარმატებული მართვა.

„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ჩვენ ვიყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც ზოგადად ქართულ ბაზარზეა და ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელია ისაუბრო, როგორია რეალურად მედიკამენტის ხარისხი რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში. ამ მედიკამენტებს ვიყენებთ ყველა სხვა პაციენტთან, მკურნალობის შედეგები რეალურად სახეზეა და ინფექცია წარმატებით იმართება“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – სასამართლო რეფორმის გასაგრძელებლად საელჩო საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს