40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს – დამნაშავეები საქართველოში დააკავეს

40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს. დაზარალებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. ის პირები, ვინც კომპიუტერული ვირუსი შექმნეს და საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხა მოხსნეს, საქართველოში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მყოფი ჯგუფი ვირუსის საშუალებით ათასობით საბანკო ბარათზე წვდომას ახერხებდა და თანხას ხსნიდა. არსებული ინფორმაციით დაზარალებულთა შორის ბანკებიც არიან.

საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

კიბერთავდასხმის ორგანიზებული ჯგუფის წევრები საქართველოში იმყოფებოდნენ, საიდანაც სპეციალური შექმნილი ვირუსით ახდენდნენ კომპანიებისა და პირების ანგარიშების თანხიდან მოპარვას.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ორი ჰაკერი საქართველოში დააკავეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“საქართველოდან, აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ორი წლის მანძილზე, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოდან ახორციელებდნენ.

ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის – ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “None”), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის, მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “Phantom”) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ., საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ იმავე დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ, NONE-ს და PHANTOM-ს ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი); კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი); ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი)”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმერამდენე წელია, 17 მაისს ლგბტ თემის წარმომადგენლებს პოზიციის გამოხატვა შეზღუდული ფორმით უწევთ
შემდეგი სტატიასახელმწიფომ, პროკურატურამ, ყველამ შეაწმინდა ხელი – ხორავას საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს მამა