4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე – უფლებადამცველი პასუხისმგებლობას შს და ჯანდაცვის სამინისტროებს აკისრებს

სასტიკად ნაცემი, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე პასუხისმგებლობას ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს აკისრებს.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, სახეზე გვაქვს სისტემური პრობლემები. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამ მიმართულებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ეს არის სიტუაცია, როდესაც სახელმწიფოს, ზოგადად სისტემის სისუსტეზე, არაეფექტურობაზე არის მინიშნება, პრაქტიკულად. ამ სისტემის წარმომადგენლები, ბავშვთა ზრუნვასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური დაცვის სააგენტო, ანუ ჯანდაცვის უწყება. მათ, მინიმუმ, ქონდათ ინფორმაცია, რომ ოჯახში არაკეთილსაიმედო გარემო იყო. ასევე, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრი ძალადობდა ბავშვზე. სახელმწიფოს მხრიდან​ შეეთავაზა კიდევაც ბავშვს ალტერნატიული ზრუნვა. საბოლოოდ კი, ბავშვი ოჯახში ისევ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით დაბრუნდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მოხდა მკვლელობა, რომელიც რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა დაადასტუროს ან უარყოს.

რაც ვიცით, არის ის, რომ ძალადობა მოხდა და სოციალური დაცვის სააგენტო საქმის კურსში იყო, თუმცა ვერც ერთმა უწყებამ ვერ აიცილა ტრაგედია”- აღნიშნა აბაშიძემ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ სისტემა ძალიან სუსტია.

“პირველ რიგში, მათ არ შეუძლიათ აღმოაჩინონ რისკები, ოჯახის პირობებში სიცოცხლის რისკის აღმოჩენაც კი არ შეუძლიათ და რეაგირებენ მხოლოდ დამდგარ შედეგებზე. ეს არის მთავარი პრობლემა. მეორე პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებები ერთმანეთთან სათანადოდ ვერ თანამშრომლობენ”- თქვა აბაშიძემ.

მესამე სექტორის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

“ისინი ამბობენ, რომ თურმე, ოჯახში სოციალური სიდუხჭირის გარდა ყველაფერი რიგზე იყო. თურმე მუდმივად აკონტროლებდნენ ოჯახის მდგომარეობას და თურმე ასე, მოწმენდილ ცაზე დაიწყო ძალადობა, გამოიცა ორდერი და ბოლოს მოხდა ის რაც მოხდა. შეუძლებელია, კონკრეტული ნიშნების გარეშე ეს ფაქტი დამდგარიყო. თუ გავითვალისწინეთ მეზობლების მოსაზრებას, რომ ამ სახლიდან გამუდმებით ხმაური გამოდიოდა და ბავშვებს დაზიანებები აღენიშნებოდათ პერიოდულად, ის ნიშნავს იმას, რომ სოციალურმა სამსახურმა კარგად ვერ იმუშავა – მათ ვერ აღმოაჩინეს რისკები. ასე რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი, რომ ისინი ამ ოჯახთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ არის კიდევ უფრო შემძვრელი. მუშაობდნენ თურმე და წლების განმავლობაში დადებითად აფასებდნენ დედისა და შვილის ურთიერთობას. დასკვნა არის შემდეგი: ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური სოციალური სამსახური”- თქვა აბაშიძემ.

წყარო:NEW POST

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი გადასასვლელებზე გადაადგილების შეზღუდვას ეხმაურება
შემდეგი სტატიაბათუმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელს, რომელმაც სადეზინფექციო ხსნარი დალია, რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ