“„ტვ პირველმა“ გაავრცელა ვიდეო მასალა, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე სასტიკი ძალადობის უმძიმეს ფაქტებს ასახავს (ვიდეო იხილეთ ბმულში).
მედია ანონსის საპასუხოდ, სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ შემთხვევებს ქობულეთში და განაცხადა, რომ 2026 წლის გაზაფხულზე სამივე პოლიციელი დააკავეს.
ამის მიუხედავად, ჩნდება უამრავი კითხვა:
და ოთხი წლის განმავლობაში სად იყო გამოძიება?
რატომ გააკეთა აღნიშნული განცხადება შსს-მ და არა პროკურატურამ ანუ იმ უწყებამ, რომელსაც მსგავს შემთხვევებზე გამოძიების წარმოების ვალდებულება აკისრია და რომლის როლიც სწორედ ამგვარ საქმეებში ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა?
რესპონდენტი ასევე აცხადებს, რომ არსებობს სხვა, კიდევ უფრო მძიმე კადრებიც. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით რა იცის და რა (არ) გააკეთა სახელმწიფომ?
დაკავებულთა შორის არიან თუ არა ამ სამმართველოს ხელმძღვანელი პირები? რთულად წარმოსადგენია, რომ პოლიციის განყოფილებაში, სადაც არსებობს ვიდეოკონტროლი, მკაფიო იერარქია და შიდა ზედამხედველობის მკაცრი პრაქტიკები, მსგავსი ფაქტების შესახებ ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონოდა.
რა კონტექსტი ქონდა მომხდარ ძალადობას და რას სოციალურ პრაქტიკას აჩვენებს ის?
რა კვალიფიკაცია მიეცა მომხდარ ქმედებას და გამოიყენეს თუ არა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები?
რა გააკეთა სახელმწიფომ დაზარალებულების დასაცავად და მათი უფლებების აღდგენისთვის?
აღნიშნული პოლიციელები მინიმუმ 4 წელი იკავებდნენ თანამდებობებს და ალბათ კიდევ არა ერთი დანაშაული ჩაიდინეს, გამოიძია კი სახელმწიფომ სხვა პოტენციური დანაშაულის და ძალადობის შემთხვევებიც?
საერთოდ რატომ ფოკუსირდება სახელმწიფოს რეაგირება მხოლოდ ინდივიდუალურ პოლიციელებზე და არა ძალადობის სისტემურ და ინსტიტუციურ პირობებზე?
და რაც ყველაზე მთავარია: რა გამორიცხავს იმას, რომ მსგავსი ან უფრო მძიმე პრაქტიკა არ გრძელდება დღესაც განსაკუთრებით 2024 წლის საპროტესტო პროცესების დროს გამოვლენილი სასტიკი, მასობრივი და კოორდინირებული საპოლიციო ძალადობის ფონზე, რომელიც კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა [შეგახსენებთ, რომ გორში სასტიკი და კოლექტიური საპოლიციო ძალადობის შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა]?”_ ამ განცხადებით ეხმაურება ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.