4 სექტემბრის მდგომარეობით, „უცხოური აგენტების“ რეესტრში 21 ქართული არაკომერციული ორგანიზაციაა შეყვანილი

არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებები და მათი ფინანსური დეკლარაციები გამოქვეყნებულია საქართველოს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე.

საუბარია არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებმაც თავად წარადგინეს განცხადება რეგისტრაციაზე.

შეგახსენებთ, რომ ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ არ დაიცავს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და არ დარეგისტრირდება იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, როგორც ამას კანონი მოითხოვს.

რეესტრში შემავალი არაკომერციული ორგანიზაციები: „საქართველოს უკრაინელების ახალგაზრდული ორგანიზაცია – სვიტანოკი“; „საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი“; „ქუთაისის ახალგაზრდობის სახლი“; „ქრისტიანთა კავშირი“; „ებრაული კულტურული და საგანმანათლებლო ფონდი“; “გოგონები მსოფლიო ლიდერები”; „თბილისის ახალგაზრდობის სახლი“; „ინკლუზიური პრაქტიკა“; „ინიციატივების, განვითარებისა და დასაქმების ასოციაცია“; „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“; ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“; „საზოგადოება მომავალი თაობისთვის“; “ლენდ ო’ლეიქსი საერთაშორისო დეველოპმენტ საქართველო”; „ახალგაზრდული ქსელის თაობა“; „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი“; “ძაღლების სასწრაფო დახმარება – უსახლკარო ძაღლების სამაშველო კლუბი”; „მოქალაქე – საჯარო განათლებისა და განვითარების სამოქალაქო გაერთიანება“; „საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაცია“; „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“; „უკრაინულ-ქართული კერა“; „საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფი“.

კანონის თანახმად, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, შემოსავლის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ (ეს არის ქართული ონლაინ მედიისა და ძირითადად დასავლური ფონდებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა), ვალდებულნი იყვნენ განაცხადი წარდგენა მოეხდინათ, როგირც უცხო ძალის ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციები.

კანონის შეუსრულებლობა, მათ შორის რეგისტრაციაზე უარის თქმა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მძიმე ჯარიმებით ემუქრება. „უცხო ძალის ინტერესების მატარებელი ორგანიზაციების“ იდენტიფიცირებისთვის და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად, იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია მონიტორინგი განახორციელოს და უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ რუსული სტილის კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ გერჩინსკის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია. “ქართული ოცნება” კი პირიქით, აცხადებს, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად 2030 წლისთვის ემზდება.

banner
წინა სტატიაშიდანიგანი: გლობალური ომის პარტია არის უცნაური შეთქმულების თეორია
შემდეგი სტატიასაარჩევნოდ ტერიტორიული ჯგუფების ჩამოყალიბებაში სანქცირებული “ხარებაც” მიიღებს მონაწილეობას