„მე-4 საუკეთესო წლის“ დადგომის პერსპექტივა გაურკვეველი ვადით გადაიდო

„მე-4 საუკეთესო წლის“ დადგომის პერსპექტივა გაურკვეველი ვადით გადაიდო.ბიძინა ივანიშვილის წერილისა და ციფრებით მანიპულირების პასუხად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი სპეციალურ ბრიფინგს უძღვნის.

MACHAVARIANI

,,საქართველოში ყველაფერი კარგადაა, ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მთავრობა მსოფლიოში”, ,,ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ვალების ეკონომიკა, დღეს ინვესტიციებზე დაფუძნებული ეკონომიკაა”, დაჟინებით გვიმტკიცებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. მათ არ იციან, ან რიცხვებით მანიპულირებენ, როდესაც ვალს ეკონომიკასთან სმიმართებაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგონილი სისტემით ,,ანგარიშობენ”. და აი, რატომ:
• 2003 წელს ვალის შეფარდება მშპ-სთან იყო 43%, 2012 წელს 33%, 2016 წლის აპრილის მონაცემებით კი, სიმბოლური 41% (!). ანუ, ნაციონალური მოძრაობის პირობებში ვალი მშპ-სთან შემცირდა, ხოლო ქართული ოცნების პირობებში 33%-დან 41 %-მდე გაიზარდა.
• ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან შიდა ვალი 1 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც 80%-ით მეტია წინა წლების მონაცემებთან შედარებით. საშინაო ვალის ზრდა ძვირი უჯდება სახელმწიფოს, უფრო მეტად კი, მოსახლეობას აზარალებს, რადგანაც შიდა ვალი აუფასურებს ლარს და უარყოფით გავლენას ახდენს კერძო ინვესტიციებზე.
• საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს იყო 15.8 მლრდ $ (26.167.3 მლრდ ლარი), 2015 წელს დაგეგმილია მხოლოდ 13,8 მლრდ $ (31.46 მლრდ ლარი), რაც 1.6 მლრდ $-ით ნაკლებია. 2012 წელს, ქართული ოცნება მის მიერვე შედგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური მონაცემებით გვპირდებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს იქნებოდა 40.1 მლრდ ლარი. რეალურად – 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 34.1 მლრდ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ 6 მლრდ ლარი დაკარგა.
ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ეკონომიკის ზრდის ტემპით ტრაბახობს. არა და, ეკონომიკური ზრდა ბოლო 3 წლის მანძილზე წელიწადში მხოლოდ 3.3%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო უახლოესი 50 წლის მანძილზე ვერც ერთ ევროპულ ქვეყანას ვერ დაეწევა. 2004-2007 წლებში ეკონომიკური ზრდა 9.4% იყო, ხოლო 2004-2012 წლებში საშუალოდ 6.5%, რაც თითქმის ორჯერ მეტია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არსებულ ეკონომიკურ ზრდაზე.
მშპ ერთ სულზე 2012 წელს იყო 4 130 $ (მოსახლეობა 4.5 მლნ), 2015 წელს კი, 3 719 $ (მოსახლეობა 3.7 მლნ). კლება ნათელია, მაგრამ კიდევ ერთ ,,ეშმაკობას“ უნდა მივაქციოთ ყურადღება: 2015 წელს საყოველთაო აღწერის შედეგებმა ქვეყნის მოსახლეობა 4.5 მლნ ადამიანიდან 3.7 მლნ-მდე შეამცირა. მშპ 2015 წელს ძველი აღწერით გვექნება 3102 $ და არა 3719 $. საქართველო ღარიბდება და არსებული ვითარებით სხვა ქვეყნებს არათუ ვეწევით, არამედ კიდევ უფრო ჩამოვრჩებით.
ბიძინა ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ 2030 წელს საქართველო ევროპის ქვეყნებს დაეწევა. ესეც ტყუილია, რადგანაც უკანასკნელი 3 წლის ზრდის ტემპით, (3 %-იანი ინფლაციის პირობებში), 2030 წელს საქართველოში მშპ ერთ სულზე იქნება 9400 $. ეს კი თურქმენეთის, სურინამის, გრენადისა და აზერბაიჯანის დღევანდელ მაჩვენებლებზე ნაკლებია. იმისათვის, რომ საქართველო დაეწიოს განვითარებულ ქვეყნებს, მას აუცილებლად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სჭირდება! ეს კი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში შეუძლებელია.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ინვესტიციები იზრდება(?!) მაშინ, როცა კატასტროფულად მცირდება ნომინალური მაჩვენებლები:
• 2013 წელს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები 26%-ით შემცირდა;
• 2014 წელს ზრდის ტემპმა მხოლოდ და მხოლოდ 3% შეადგინა;
• უძრავ ქონებაში ინვესტიციები 2015 წელს 66%-ით შემცირდა.
ცალკე უნდა გამოიყოს მთავრობის დამღუპველი პოლიტიკა ენერგეტიკაში. გარდა იმისა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებებით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრა, ინვესტიციების მოცულობა სისტემაში 2014 წელს 22%-ით, 2015 წელს კი 53%-ით შემცირდა (!).
მძიმე მდგომარეობაა ვაჭრობაშიც. უკანასკნელი 3 წელია ექსპორტი და იმპორტი მცირდება. რაც საქართველოს მოსახლეობისთვის და ბიზნეს სექტორისთვის საკმაოდ დამაზიანებელია. ექსპორტი საქართველოში 2016 წ იანვარ-აპრილში უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2011 წელს. მაგ. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 2013 წელს 704 მლნ $ შეადგენდა, 2015 წელს კი, 180 მლნ $-მდე შემცირდა, შემცირება გრძელდება 2016 წელსაც.
ქართული ოცნების პოლიტიკამ დააზარალა ტურისტული სექტორიც. 2010-2012 წლებში ტურიზმიდან შემოსული წმინდა ფულადი ნაკადები საშუალოდ 58%-ით იზრდებოდა, 2013 წელს ზრდის ტემპი 23%-მდე, 2014 წელს კი, 4%-მდე დაეცა, 2015 წელს ზრდის ტემპი ასევე დაბალი, – მხოლოდ 8% იყო.
ბიძინა ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ საერთაშორისო ინდექსებში, მათ შორის მთავრობის ეფექტიანობის კუთხით, საქართველოს გაუმჯობესება აქვს. სინამდვილეში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 2013 წელს საქართველო 21-ე ადგილზე იყო, 2016 წელს კი, 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.
2013 წელს საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მე-8 ადგილზე იყო და ეს საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას საქართველოს სავიზიტო ბარათი იყო. 2016 წელს საქართველომ 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, გაუარესება გვაქვს ინვესტორის დაცულობის კუთხითაც. შედეგად, მე-19 ადგილიდან (2013 წლის მონაცემები) 42-ე (2016 წლის მონაცემები) ადგილზე გადავინაცვლეთ.
მიუხედავად იმისა, რომ პენსიის 150 ლარამდე ზრდა 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით გათვალისწინებული იყო, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პენსია ქართულმა ოცნებამ გაზარდა. სინამდვილეში, ქართული ოცნების მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგით გამოწვეულმა ინფლაციამ პენსიონერთა მსყიდველობითუნარიანობა შეამცირა. დღეს პენსია მხოლოდ 75 $ შეადგენს, მაშინ, როცა 2013 წელს 90 $ იყო.
ეს არ არის მშრალი ციფრები, ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა არა მარტო ქვეყანას, არამედ თითოეულ მოქალაქეს აზარალებს(!).

https://youtu.be/QsjKjOKPnqU

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში მოხვდა
შემდეგი სტატიაპაპუა-ახალ გვინეაში პოლიციამ სტუდენტური დემონსტრაცია დაცხრილა