4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ, 4 ნოემბერს დატოვებენ.
საპროცესო შეთანხმება კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა. მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.















