4 ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ჩუღურეთის ოლქის შეთანხმებული მაჟორიტარობის ოპოზიციური კანდიდატი წარადგინა

ყველა შეთანხმებულ ოლქში მხარი უნდა დავუჭიროთ შეთანხმებულ კანდიდატებს, რათა არ მოხდეს ხმების დაყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ჩვენს საერთო გამარჯვებას. ეს აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის საერთო ამოცანაა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციური კანდიდატის, გიორგი ნონიაშვილის წარდგენისას.

„წარვადგინეთ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ნონიაშვილი 2 ნომრით. მინდა თითოეულმა ჩუღურეთელმა იცოდეს, რომ მაჟორიტარულ ბიულეტენში ჩვენი შეთანხმებული კანდიდატი იქნება “ევროპული საქართველოს” სახელით, ნომერი 2-ით. მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენ ყველამ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მოსწონს, რომელი პარტიის ამომრჩეველია ესა თუ ის ამომრჩეველი. ჩუღურეთში და არა მარტო ჩუღურეთში ყველა შეთანხმებულ ოლქში, მხარი უნდა დავუჭიროთ შეთანხმებულ კანდიდატებს, რათა არ მოხდეს ხმების დაყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ჩვენს საერთო გამარჯვებას, რაც არის საერთო ამოცანა აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიის”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს.

“დღეს იყო ჩემი წარდგენა ჩუღურეთის საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარობის კანდიდატად, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა ადგილობრივ დონეზეც და ცენტრალურ დონეზეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცვლილებების განხორციელების საშუალება გვქონდეს. ადამიანებს სჭირდებათ ცვლილებები, მათ შორის, ჩუღურეთშიც, სადაც გატარებული მაქვს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი მას უკავშირდება და ზუსტად ვიცი, რა პრობლემები აქვს ჩუღურეთს. ჩვენ სინამდვილეში გვაქვს გზა, სადაც ან ვამარცხებთ კორუფციას, ვიცავთ ადამიანების უფლებებს. ადამიანებს ერთმანეთი არ სძულთ ან გვაქვს გზა, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს, მიგვაქანებს ჩრდილოეთში, მიგვაქანებს კორუფციისკენ. ეს კორუფცია თითოეულ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ნიშნავს იმას, რომ ყველა წაღებული თეთრი არის ადამიანების ჯიბიდან ამოღებული თეთრი, რომელიც შეიძლებოდა ადამიანებსა და მუნიციპალიტეტების კეთილდღეობას მოხმარებოდა”, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სტეფანე მრუშს აკერძალოს ჭყონდიდის წმინდა კათედრაზე წირვა ” – სოცლიურ ქსელში მიმართვა ვრცელდება
შემდეგი სტატიაავთანდილ ხურციძე აშშ-ს საპატიმროს დღეს დატოვებს