სამი ოთხიანი – ნიკა გვარამიამ კოალიცია “ცვლილებისთვის” პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა. ოპოზიციური კოალიციის პროგრამის მთავარი მიმართულებები დღეს გახდა ცნობილი. კოალიციაში აცხადებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათ სულ რაღაც ოთხი დღე დასჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოსთან ევროკავშირმა წევრობის შესახებ მოლაპარაკებები გახსნას.
ოთხი დღე იქნება საჭირო “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ყველა რეპრესიული და რუსული კანონის გასაუქმებლადაც. დაპირებებს შორის არის მოსამართლეთა შემოწმების იგივე ვეტინგის სისტემის დამკვიდრებაც.
“მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კამპანია 4-4-4. რას ნიშნავს ეს ოთხიანები – პირველ რიგში 4 არის ჩვენი საარჩევნო ნომერი ბიულეტენში.
მეორე – ჩვენ გვაქვს ცვლილებები ოთხ ველში, ოთხ სეგმენტში საზოგადოებრივი ცხოვრების. გვაქვს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ცვლილება სხვა მიმართულებებითაც, მაგრამ ეს ოთხი არის მთავარი , რომელიც გვინდა გავაცნოთ ამომრჩევლებს, ვიდრე ისინი გავლენ ხმის მისაცემად.
მესამე ოთხიანი – ეს არის 4 დღე – 4 დღის შემდეგ კოალიციური მთავრობის შეკრებიდან და ახალი პარლამენტის დამტკიცებიდან, მე ამას კი არ ვუშვებ, მე ამაში დარწმუნებულ ვარ, რომ ივანიშვილი წავა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა – ჩვენი კოალიცია აპირებს წარადგინოს 4 სფეროს მთავარი ინიციატივები.
პირველი: ევროკავშირთან ინტეგრაცია – 4 დღის განმავლობაში, ჩვენ გპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს ქართული ქარტიიდან, საქართველოს ისტორიული არჩევანიდან და საქართველოს მოსახლეობის არჩევანიდან, ასევე, ეს გამომდინარეობს იმ სამუშაოდან და იმ განცხადებებიდან , რომელსაც ქართველები, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაწარმოებთ საერთაშორისო მიმართულებით და განსაკუთრებით ევროკავშირში. პირველ რიგში, ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ბოლო თავისი განცხადებებით გვამცნო, რომ დაუყოვნებლივ იქნება აღდგენილი ევროკავშირთან ურთიერთობები და არათუ აღდგენილი, არამედ დაჩქარებული და წინ წასული, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი შეიცვლება.
დემოკრატიის სფერო – ვეყრდნობით ქართულ ქარტიას და აქაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის როლი არის წამყვანი. ჩვენ “კოალიცია ცვლილებისთვის” მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას, გათვალისწინებულს ქართული ქარტიით, უფრო სწორად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას, რომლის სულისკვეთებასაც გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის, მე ვიტყოდი , გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ.
დემოკრატიის საკითხები ასევე მოიცავს ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებას – ყველა რუსული კანონის გაუქმებას. ოთხ დღეში ჩვენ ამ ინიციატივას დავაყენებთ და ეს არ არის მხოლოდ ერთი რუსული კანონი, რომელზეც აქციები გაიმართა. ძალიან ბევრი რუსული კანონი იქნება მიღებული ამ თვეებისა და წლების განმავლობაში და ყველას გაუქმება არის უმნიშვნელოვანესი, თუ ჩვენ გვინდა ევროპასთან დაახლოება.
ასევე ეს არის სასამართლოს რეფორმით სვლა და ა.შ. ეს სავსებით შესაძლებელია პარლამენტის დაფუძნების და კოალიციური მთავრობის ფორმირებიდან 4 დღის განმავლობაში.
ჩვენ გვაქვს ხედვები ყველა ამ მიმართულებით, მათ შორის, სასამართლოს რეფორმის და ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმების, ანუ ვეტინგის მიმართულებით, ჩვენ გპირდებით, რომ 4 დღეში წარმოვადგენთ ამ ინიციატივებს”,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
კიდევ ერთი სფერო ეკონომიკაა – როგორც ნიკა გვარამიამ განმარტა, მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის მთავარი დასაყრდენია სიღარიბის დაძლევაში, მათ შორის, ბიუჯეტის შევსების კუთხითაც.
“კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადებით, მაქსიმუმ 2028 წლისთვის გეგმავს განათლების ბიუჯეტის სრულ შესაბამისობაში მოყვანას საშუალო ევროპულ სტანდარტთან, რაც მშპ-ს 5,3% -ია.
“კოალიცია ცვლილებისთვის” განათლების სფეროს გეგმა გულისხმობს სრულ დაფინანსებას მათთვის, ვინც მსოფლიოს საუკეთესო 50 უნივერსიტეტში ჩაირიცხება. გარდა ამისა, ამოცანად სახელდება, 2028 წლამდე, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო სწავლება, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი შეწევნა.
რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს – საერთო სტუდენტურ საცხოვრებლებს. ნიკა გვარამიას თქმით, სტუდენტური კამპუსების პროგრამას დააფინანსებს ბიუჯეტი, თუმცა უნივერსიტეტებმაც თავიანთი მაღალი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა.