4 მილიონი პრემია, 74 300 ლარის ღირებულების ყავა, ჩაი და ტკბილეული- აუდიტის ანგარიში თბილისის საკრებულოზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საკრებულოში შეამოწმა. აუდიტის ანგარიშის თანახმად 2014 წელს თბილისის საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია და დანამატი დარიგდა. აქედან წლის განმავლობაში გაცემული საპრემიო თანხის 90% 2014 წლის 6 თვეშია გაცემული.

2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 1 095 900 ლარი; 2013 წელს პრემიის მოცულობა 2 863 200 ლარია; 2014 წელს საპრემიო თანხა და სახელფასო დანამატი 4 249 800 ლარს შეადგენს. აუდიტის ანგარიშში ნათქვამია რომ, რიგ შემთხვევაში პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200%-300%-ის ოდენობით.

2014 წლის პირველ ნახევარში გაცემულია წლის განმავლობაში გაცემული საპრემიო თანხის 90%; საკრებულოს თავმჯდომარეზე 2014 წლის 6 თვეში პრემიის სახით გაცემულია 40.7 ათასი ლარი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას გაირკვეს, რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და თანხის განსაზღვრა. პრემიები გაცემულია იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც იმყოფებოდნენ შვებულებაში და ვერ შეძლებდნენ საერთო შედეგში წვლილის შეტანას.

2012-2014 წლებში შეძენილია 74 300 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.); ოფიციალური ღონისძიებებისა და ფურშეტების ორგანიზებისათვის კი 52 300 ლარი დაიხარჯა.

2014 წლის ოქტომბერში საკრებულოს შენობის ოფიციალურ გახსნაზე დაიხარჯა 19 200 ლარი, 2014 წლის ივლისში საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის საბოლოო ანგარიშზე – 8 100 ლარი, 2014 წლის დეკემბერში, საკრებულოს მუშაობის შემაჯამებელ შეხვედრასთან დაკავშირებით მოწყობილ ფურშეტზე – 2 500 ლარი.

55 500 ლარი დახარჯულია საჩუქრების შესაძენად – მათ შორის 7 100 ლარის ალკოჰოლური სასმელები. აქედან, აუდიტის სამსახურის ცნობით, 2013 წლის აგვისტოში შეძენილი 1 700 ლარის ღირებულების 10 დასახელების სასმელი გადაეცა საკრებულოს თავმჯდომარეს, სტუმრების გამასპინძლების მიზნით.

ანგარიშში საუბარია მივლიბებებზეც და აღნიშნულია, რომ საკრებულომ რიგ შემთხვევებში ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, რომ სამსახურებრივი მივლინების შესახებ გადაწყვეტილებები განპირობებული იყო ობიექტური საჭიროებებით.

“2014 წლის ივნისში საკრებულოს 5-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა ქალაქ პარიზში (საფრანგეთი). მივლინების ინიციატორი იყო საკრებულო, რომელიც დაუკავშირდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და სთხოვა მიწვევის ორგანიზება. პარიზის მუნიციპალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა მზადყოფნა გამოთქვა მიეღო თბილისის საკრებულოს დელეგაცია და განეხილათ საკითხები, თუმცა მის მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მივლინებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა დაფინანსებულიყო ქ. თბილისის საკრებულოს მიერ. აღნიშნულ ვიზიტზე დაიხარჯა 16.9 ათასი ლარი. მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა,” – წერია აუდიტის ანგარიშში.

დასკვნის მიხედვით, საკრებულოს ზოგიერთ ავტომანქანაზე დოკუმენტირებულად გაწერილი საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად (71% – 89%-ით) აღემატება ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს.

“გაანგარიშების შესაბამისად, საწვავის დოკუმენტირებულად წარმოდგენილი ხარჯვის საშუალო მაჩვენებელი ავტომანქანების მიხედვით, 12.1 ლიტრიდან 24.6 ლიტრამდე იცვლება, რაც ნორმას ზოგჯერ 2-ჯერ და მეტად აღემატება. მათ შორის, იდენტური მარკისა და მოდიფიკაციის ავტომობილებზე 100 კმ-ზე გაწერილია მნიშვნელოვნად განსხვავებული საწვავის რაოდენობა (სხვაობა 11.6 ლიტრამდე). მაგალითად, KIA OPTIMA-ს მარკის ერთ- ერთი ავტომობილის ფაქტობრივი საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე საექსპერტო ნორმაზე ნაკლებია და მის 99%-ს შეადგენს. იმავე მარკის სხვა 2 ავტომობილის ხარჯი კი დასაშვების 171% და 189%-ია,”– წერია აუდიტის ანგარიშში.

2012 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე საწვავი ნაწილდებოდა ტალონური სისტემით, 2014 წლის 14 ოქტომბრამდე – ელექტრონული საბარათე სისტემით, ხოლო აღნიშნული თარიღიდან – ე.წ. ჩიპებით. როგორც ანგარიშში წერია, განსხვავებულია საწვავის ლიმიტის ათვისების საშუალო მაჩვენებელი სხვადასხვა მეთოდით გაცემის პირობებში: ტალონური სისტემით საწვავის განაწილებისას ათვისების მაჩვენებლი 100%-ია, ელექტრონული ბარათებით – 90 %, ხოლო „ჩიპებით“ – 74 %.

“გაცემული საწვავის აღრიცხვის სისტემის გამკაცრების პარალელურად, საწვავის ათვისების მაჩვენებელი და, შესაბამისად, ხარჯვა მნიშვნელოვნად მცირდება. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი მტკიცებულებები, რამ გამოიწვია საწვავის გადახარჯვა, ასევე ათვისების მაჩვენებლის სხვაობა გაცემის სხვადასხვა სისტემას შორის. ობიექტს არ ჰქონდა დანერგილი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც გამოავლენდა საწავავის ნორმის ზემოთ ხარჯვის შემთხვევებს და გაატარებდა შესაბამის ღონისძიებებს ხარჯვის მიზნობრიობის დასაცავად,”– ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 14.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
შემდეგი სტატიაჯონ კერი: მოსკოვის ქმედებები კონფლიქტის მოგვარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება