ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველის, რომან გოცირიძის, შეფასებით, საქართველოში პენსიის ზრდა სრულად ნულდება იმ ინფლაციით, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ გაძვირებულ ძირითად პროდუქტებსა და მომსახურებას მოჰყვა. მისი თქმით, დღეს 350 ლარის პენსიით პენსიონერს შეუძლია მხოლოდ ის შეიძინოს, რასაც 12–13 წლის წინ დაახლოებით 150 ლარი ჰყოფნიდა, რაც მიუთითებს, რომ ფასების ზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა პენსიის რეალური ღირებულება.
“ფასები ორჯერ იმატებს. 350 ლარი პენსია, ეს არის 175 ლარი 2012 წლის ფასებით. ანუ ამ 13 წლის განმავლობაში პენსიამ მოიმატა 50 ლარით, ეს ხომ წარმოუდგენელია? თუ იმასაც გავითალისწინებთ, რომ პენსიონერები თავისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ხარჯავენ ისეთ საქონელში, სადაც ფასებმა ორჯერ და უფრო მეტად მოიმატეს, როგორიც არის ჯანდაცვის სფერო, კომუნალური სფერო, როგორიც არის სურსათი და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, 350 ლარით დღეს იმის ყიდვა შეგიძლია, რსაც ყიდულობდი დაახლოებით 150 ლარით 12-13 წლის წინ. სინამდვილეში, ფასების ზრდამ შეჭამა ის სამარცხვინო ნამატი, რასაც “ქართული ოცნება” ამ 13 წლის განმავლობაში პენსიონერებს უმატებდა.
2026 წლის ბიუჯეტი უკვე განიხილება პარლამენტში და ჩვენ დავინახეთ, რომ პენსიები იზრდება 70 წლის ასაკამდე მოქალაქეებისთვის ანუ საბაზისო პენსია იზრდება მხოლოდ 20 ლარით. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყოელთვის, მთელი ამ 13 წლის განმავლობაში, დამამცირებლად, არაადამიანურად, ცინიკურად ექცეოდა პენსიონერებს”, – ამბობს რომან გოცირიძე.
მომავალი წლიდან საქართველოში პენსია, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები იზრდება.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ვებსაიტზე უკვე ატვირთულია, პენსია იზრდება:
70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში – 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).
რაც შეეხება თანამდებობის პირებს:
პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს – გაეზრდებათ 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
დეპუტატების ხელფასი – 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი.
















