კალაძე: 22 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი გაეშვება

gulis eleqsiri

22 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და 20 ერთეული ავტობუსი გაეშვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, კერძოდ დამატების ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შემოყვანის საკითხზე.

„იცით, ავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროცესი, ფაქტობრივად დავასრულეთ, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, რადგან სამწუხაროდ, ისევ რჩება უბნები, რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, ჩანაცვლების გარდა მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. მათგან 180 იქნება 8-მეტრიანი, 200 ცალი კი 18-მეტრიანი, რომელსაც მომავალ წელს შევისყიდით.

რაც შეეხება, აღნიშნული 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსიდან 20 ავტობუსი დედაქალაქში უკვე ჩამოვიდა და ხაზზე 22 სექტემბრიდან გაეშვება.

ასევე იცით, რომ დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა და წლის ბოლოსთვის მთლიანად იქნება ჩანაცვლებული მიკროავტობუსები. არცერთი ყვითელი, დანგრეული ე.წ. “მარშრუტკა” ქალაქში არ იმოძრავებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის ასევე ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და ქსელში ისინი ასევე 22 სექტემბრიდან გაეშვება. მერმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – „დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება
შემდეგი სტატიაკალაძე სუს-ის ფაილებზე: არ ვიცი ვინ არის, შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი, შეიძლება იყოს სხვა ვინმე