ტურისტის დაჭრაში ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს

ტურისტის დაჭრაში ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ როდესაც მისი შვილი მედიკამენტებს არ იღებს, ცუდად ხდება და შეიძლება შიშის გამო გავიდა სახლიდან დანით.

შინაგან საქმეთა თანამშრომლების მიერ, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე 31 წლის გიორგი ხმალაძეა დაკავებული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურისტს საყურე ეკეთა და სწორედ ეს გახდა მოქალაქის გაღიზიანების მიზეზი. თუმცა, ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზი არა სამკაული, არამედ ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, კერძოდ, გიორგი ხმალაძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.

ფაქტს ადასტურებს დაკავებული ახალგაზრდის დედა. ის აცხადებს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ნამდვილად აქვს და ის აქციაზე არ ყოფილა.

„13 ივნისს ჩემი შვილი ხეთაგუროვის ტერიტორიაზე ცუდად გახდა, შეტევა ჰქონდა. თემქის საავადმყოფოში სასწრაფოთი გადავიყვანე, სადაც ტომოგრაფია გადაუღეს. წამლები მივეცით და ეს იყო. გუშინ მეორე შეტევა დაემართა, რადგან წამლების სმა შეწყვიტა. დილით მონასტერში წასვლა უნდოდა, ყინწვისში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მანქანა ვერ ვიშოვეთ, ვერ წავედით. გუშინ ღამეც შეტევა დაემართა. იმ მომენტში, ალბათ შეტევა ჰქონდა, არ ვიცი, შოკში ვარ. მე რომ მივედი, პატრულიც მოსული იყო. ჩემი შვილი კონფლიქტური არ არის, შეიძლება ჩემთან ჰქონდეს რამე უთანხმოება, გამებუტოს. როცა მედიკამენტებს არ იღებს, ცუდად ხდება. ბევრი დეტალი არ ვიცი, შეიძლება შიშის გამო გავიდა სახლიდან დანით. სიცრუეა, რომ საყურის ან ჩაცმულობის გამო დაესხა თავს. ჩემს შვილს ბრძოლები ჰქონდა. მე ვერ გადმოგცემთ, შინაგანად რას გრძნობს და რა დღეშია…“, – ამბობს დაკავებულის დედა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

 

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ზაზა თევზაძე აქციას “თავისუფლებისთვის” უერთდება
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა