32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთში მიემგზავრება

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრება.

სამხედროების გაცილების ცერემონიალი ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართეს და საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

„მორიგი როტაცია გვაქვს იანვარ-თებერვლის განმავლობაში. ჩვენი სამხედროების ეს კონკრეტული ასეული მაზარ-ი-შარიფში მიემგზავრება. სამხედროებს წარმატება მინდა ვუსურვო და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობით დაბრუნება. ისევე ამაყად ეტარებინოთ საქართველოს დროშა, როგორც ყველა იმ კონტინგენტს, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მისიებში საქართველოს სახელით. ეს ბიჭები არიან ჩვენი მთავარი იმედი, ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მისიაც ისეთივე წარმატებული და საამაყო იქნება, როგორც ყველა მათი წინამორბედის”,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ქვედანაყოფმა საფუძვლიანი მომზადება გაიარა და მზად არის, მასზე დაკისრებული ამოცანები შეასრულოს.

„მისია რთულია, მაგრამ ჩვენს დანაყოფს გააჩნია ყველა უნარი მის შესასრულებლად. დანაყოფს ჰყავს გამოცდილი მეთაურები, უნარიანი სერჟანტები, თვითონ მებრძოლებიც არიან ავღანეთის რამდენიმეგზის ვეტერანები. ისინი საკმაოდ კარგად მოემზადნენ გერმანიაში და გერმანულ დანაყოფთან ერთად იქნებიან მაზარ-ი-შარიფში. დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებული მისია ექნებათ და ქართულ სახელს, ქართველი მებრძოლის სტატუსს, კიდევ უფრო უფრო მაღლა ასწევენ”, – აღნიშნა გენერალ-მაიორმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში შვიდ თვეს დაჰყოფს.

ქართველი სამხედროები გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებენ. „ბრავო“ ასეული ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.

ქართველმა სამხედროებმა გადასროლისწინა მომზადება უკვე დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, ხუთთვიანი სწავლება გაიარეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა.

სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა, კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, გერმანელმა ინსტრუქტორებმა დადებითად შეაფასეს.

banner
წინა სტატიაშითბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია – ადიდებულმა მდინარემ დროებითი გზა წაიღო
შემდეგი სტატიავაკეში, საბურთალოზე, გლდანში, მთაწმინდასა და კრწანისში წყლის მიწოდება 18:00 საათიდან აღდგება