31 წლის წინ დაიღუპა თვალსაჩინო მამულიშვილი ვოვა ვეკუა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დღეს პატივი მიაგეს 1989 წლის ივლისის ცნობილი მოვლენების დროს სოხუმში დაღუპული ვოვა(ვლადიმერ) ვეკუას ხსოვნას. დედაქალაში მისი სახელობის ქუჩაზე განთავსებული მემორიალი, ვოვა ვეკუას თანამებრძოლებმა, მეგობრემა, ხელისუფლების წევრემა, ტრადიციულად, ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
1989 წლის 15 ივლისს, კრემლის მესვეურთა ინსპირირებით, აფხაზი ექსტრემისტები თავს დაესხნენ სოხუმში, რუსთაველის სახელობის პარკში შეკრებილ ქართველებს. შეტაკებას მოჰყვა მსვერპლი. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი. მათ შორის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი, გამორჩეული პატრიოტი ვოვა ვეკუა, რომელსაც ანგარიშს უწევდა და აფასებდა არა მხოლოდ აფხაზეთის ქართველობა, სრულიად საქართველო, აგრეთვე აფხაზთა აბსოლუტური უმეტესობა. მედიკოსებმა ვოვა ვეკუას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს და იგი 18 ივლისს დაიღუპა.
ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო ვოვა ვეკუას ხსოვნას. მისი თანამებრძოლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მესვეურები გულწრფელად აღიარებენ, რომ ის იყო მამულიშვილი, რომელიც დააკლდა ქვეყანას, განსაკუთრებით კი აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პროცესს.
მემორიალთან შეკრებილებმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ვოვა ვეკუა აფხაზეთში იყო ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე ავტორიტეტული ლიდერი, რომელიც გამაერთიანებელი მუხტით იყო გამორჩეული. ის აფხაზეთში იმ როლს ასრულებდა, რითაც ფასდაუდებელი იყო მერაბ კოსტავას ფენომენი სრულიად საქართველოსთვის. ერთიცა და მეორეც ისე აღესრულნენ, ეჭვი არ შეპარვიათ, რომ „იპოვიდნენ გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ!“

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გუშინდელ განცხადებას ლუგარის ცენტრისადმი ნდობისთვის ძირის გამოთხრის სუსტ მცდელობად მიიჩნევს
შემდეგი სტატიასერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „კეთილი ნების” ელჩი გახდა