რას მოიცავს 1.1-მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირების და სოციალური დახმარების პაკეტი

დღეს, 26 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში დამძიმებული ეპიდემიური ვითარების შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა, რომელიც ახალ მასშტაბურ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ახალი შეზღუდვების ფონზე მთავრობამ, ასევე, წარმოადგინა ეკონომიკის სტიმულირების, ბიზნესისა და სოციალური დახმარების ახალი გეგმა, რომელმაც შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი უნდა შეამციროს.

გიორგი გახარიას თქმით, ახლად დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის მშპ-ს დამატებით 0.7-0.8%-ით შეამცირებს, ეს უკვე იმ 5%-იან კლებასთან ერთად, რომელსაც მთავრობა მანამდე ვარაუდობდა.

ამგვარად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა, შესაძლოა, 6%-ით შემცირდეს, რაც 1994 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2009 წელს რუსული სამხედრო აგრესიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიერ შედგენილი ეკონომიკური სტიმულირების ჯამური პაკეტის ღირებულება 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. მთავრობის მიერ შედგენილი ეკონომიკური პაკეტი შემდეგნაირად გამოყურება:

  • 200-ლარიანი ყოველთვიური კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში მოქალაქებისათვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. ეს პროგრამა მთავრობამ პანდემიის პირველი ტალღის დროს აამოქმედა. ამჯერად გამოცხადდა, რომ პროგრამა პირველი იანვრიდან აღდგება და კვლავ მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც ფორმალურად, დაქირავებით იყვნენ დასაქმებულები და პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს. პროგრამის პირველ ნაწილში მონაწილეობა 125 000-მა მოქალაქემ მიიღო, მოსალოდნელია, რომ პროგრამის მეორე ციკლში დაახლოებით იგივე რაოდენობა შენარჩუნდება;
  • 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება თვითდასქმებულებისთვის, რომელთა საქმიანობაც ახალი შეზღუდვების გამო შეჩერდა. ეს სამთავრობო პროგრამა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებსაც საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდა. ძირითადად საუბარია საცალო გაყიდვების სფეროში თვითდასაქმებულ პირებზე. უკიდურესად მიზნობრივი ხასიათის გამო მოსალოდნელია, რომ პროგრამით მოქალაქეების თითქმის 50%-ით ნაკლები ისარგებლებს, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღის დროს. გაზაფხულზე ოფიციალური 840 000 დასაქმებულიდან ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია თითქმის 250 000-მა პირმა მიიღო, ამჯერად კი მათი რაოდენობა დიდი ალბათობით 120 000 იქნება;

 

  • 100-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა სტატუსის მქონე სოციალურად დაუცველებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. მოსალოდნელია, რომ პანდემიის პირველი ტალღის მსგავსად, ეს პროგრამაც დაახლოებით 72 000 ოჯახს შეეხება. ამავდროულად, 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავთ, ისინიც მიიღებენ 100- ლარიან ყოველთვიურ დახმარებას. პროგრამა გავრცელდება 18 წლამდე შშმ პირებისთვის. სავარაუდოდ, ეს პროგრამა 43 000 ოჯახს შეეხება.

 

  • კომუნალური გასახადების სუბსიდირება 4 თვის განმავლობაში. მსგავსი პროგრამა მთავრობამ პანდემიის პირველი ტალღის დროსაც წარადგინა და ის მხოლოდ იმ შინამეურნეობებს ეხებოდა, რომლებიც დადგენილ მაჩვენებელზე მეტ ელექტროენერგიას, წყალს, ან გაზს არ მოიხმარდნენ. მაშინ მთავრობას აღნიშნული პროგრამა, დაახლოებით 270 მილიონი ლარი დაუჯდა;
  • საშემოსავლო გადასახადის საშეღავათო პროგრამის გახანგრძლივება 6 თვით. სხვა ზომების მსგავსად ეს შეღავათიც მთავრობამ პანდემიის პირველი ტალღის დროს აამოქმედა. რაც 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლებას, ხოლო 1 500 ლარამდე ხელფასიდან 750 ლარის ნიშნულიდან დაბეგვრას ითვალისწინებდა. პირველი ტალღის დროს ამ შეღავათით 33 000-მა კომპანიამ და 425 000-მა დასაქმებულმა ისარგებლა, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 260 მილიონი ლარი დაუჯდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობა შეეცდება, პროგრამა დეკემბრიდანვე აამოქმედოს;

 

  • ტურიზმის სექტორი 2021 წელს სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. სექტორს, ასევე, სრულად ჩამოეწერება გადავადებით დაგროვებული 4 თვის საშემოსავლო გადასახადი. პანდემიის პირველი ტალღის დროს მთავრობამ სექტორს 4 თვით გადაუვადა როგორც საშემოსავლო, ასევე, ქონების გადასახადი. ამჯერად მთავრობამ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა გადაწყვიტა;
  • შეღავათები სარესტორნო ბიზნესისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული შეღავათები ნაწილობრივ სარესტორნო ბიზნესზეც გავრცელდება, ვინაიდან გამოიკვეთა, რომ ეს სექტორი უკიდურესად დაზარალებულია. მათ შორის, სხვა შეღავათებთან ერთად მთავრობა რესტორნებს საბანკო სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.
banner
წინა სტატიაში“70 წელს ზემოთ მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ”
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი – ეს მიზერული დაფინანსება იმას კი არ ნიშნავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებ, არამედ იმას, რომ პატივი სცე ამომრჩეველს