300-მდე ოჯახი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი

თბილისში მიწისძვრით დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ნერვოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრები 300-მდე ოჯახი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე არის დარჩენილი, მიზეზი დავალიანეებაა, რომელიც ნერვოლოგიის ინსტიტუტს მანამდე ერიცხებოდა ვიდრე შენობაში მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეები შესახლდებოდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ფართები 2002 წლის შემდეგ დაიკავეს, ხოლო დავალიანება 800 ათასი ლარის ოდენობით შენობას მანამდე ერიცხებოდა.

მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ “თელასის” წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს და მოსამართლემ ისინი გაამართლა, თუმცა ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიამ მათ აღნიშნული თანხა არ ჩამოაჭრა და მხოლოდ მისი კორექტირება მოახდინა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დავალიანების ხანდაზმულობის გამო მათ, სასამართლომ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა ჩამოაჭრა, ხოლო “თელასმა” პირობა დაარღვია და თანხის მხოლოდ კორექტირება მოახდინა.

მიწისძვრით დაზარალებულები “თელასს” საამართლოს დადგენილების შეუსრულებაში ადანაშაულებენ და დახმარებას ენერგეტიკის სამინისტროს თხოვენ.

ნერვოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. ისინი ამბობენ, რომ მათ დავალიანების გადახდა არ შეუძლიათ.

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრობლემას შეისწავლიან და შეეცდებიან მოქალაქეებს დაეხმარონ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა დიდი მარხვის მნიშვნელობაზე იქადაგა
შემდეგი სტატია“საქართველოს და უკრაინას საერთო ბრძოლა აქვთ”