30 წლის წინ მე არ ვიყავი ამ მოედანზე, მაგრამ სულით და გულით ვიყავი აქ მდგომი ხალხის გვერდით

30 წლის წინ მე არ ვიყავი ამ მოედანზე, მაგრამ სულით და გულით ვიყავი აქ მდგომი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი.

„ჩვენ დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს თავისუფლების იდეა და ეს იდეა რეალობად იქცა 2 წელიწადში. გავიდა 30 წელი და ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ხალხმა სიცოცხლის ფასად დაიცვა ეს იდეა”, – აღნიშნა ქობულიამ.

კითხვაზე, თუ სად იყო მინისტრი 30 წლის წინ 9 აპრილს, ქობულიას თქმით, ის საქართველოში იმყოფებოდა.

“მე ვიყავი საქართველოში. არ ვიყავი ამ მოედანზე, მაგრამ ვიყავი საქართველოში და მთელი ჩემი სულით და გულით ვიყავი ამ ხალხის გვერდით”, – განაცხადა ქობულიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები 9 აპრილს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ავიდნენ
შემდეგი სტატიამამზიშხას მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია