საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის 2025 წლის ანგარიში მოისმინეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა დეპუტატებს სააგენტოს მიერ მიღწეული შედეგები გააცნო.
ანგარიშის მიხედვით, გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა თითქმის 70% დასაქმდა, ხოლო სტაჟირების ანაზღაურება მიმდინარე წელს 500 ლარამდე გაიზარდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ სააგენტოს მუშაობა დადებითად შეაფასა, თუმცა ყურადღება გაამახვილა გლობალურ მიგრაციულ გამოწვევებზე:
„მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, საქართველოში 30 000 უცხოელია დარეგისტრირებული დასაქმების მაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტი ყოველთვის საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოს და მათი შრომითი უფლებები არანაირ მოცემულობაში არ დაირღვეს”.















