7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

30 000 ლარიანი გირაო, პასპორტის ჩამორთმევა და საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემა – პროკურატურის მოთხოვნები გიორგი ვაშაძის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

საუბარია საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებაზე.

პროკურატურა გიორგი ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ბრალდების მხარე ვაშაძისთვის ასევე ითხოვს პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას და საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემას.

სასამართლო პროცესს ესწრება თავად გიორგი ვაშაძეც. ვაშაძის თქმით, საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. გიორგი ვაშაძე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შვიდთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება 23 იანვარს დატოვა.

banner
წინა სტატიაში“საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში” – აშშ-ის საელჩო
შემდეგი სტატიაისრაელმა ღაზაში გარდაცვლილი სერჟანტის ცხედარი დაიბრუნა, რომელიც “ჰამასის” მიერ გატაცებული ბოლო მძევალი იყო