3 პატიმარი შევიწყალე და დამთავრდა”, – როგორ პასუხობს პრეზიდენტი კითხვას გვარამიაზე

დეპოლარიზაციის მიზნით, მე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე, უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა, გასამდა და დამთავრდა, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ეს იყო დეპოლარიზაციის მიზნით. დღეს ამ დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები. ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა ნიკა გვარამიას სასამართლო დანიშნეს, რომ ეს რეაქციები იქნებოდა და ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია. რატომ აკეთებ ამას იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა მომართული? არანაირად არ იყო საჭირო ეს, ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ განცხადებით პრეზიდენტმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გეგმავს თუ არა დეპოლარიზების მიზნით პოზიციის გადახედვას და ნიკა გვარამიას მიმართ შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებას.

შეკითხვაზე, ევროკომისიის 12 პუნქტში მედიაგარემოსთან დაკავშირებით წერია, რომ მედიამფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება უმაღლეს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და აკმაყოფილებს თუ არა ნიკა გვარამიას საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით უმაღლეს სტანდარტს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტის შესაფასებელი არ არის.

„არ ვიცი, მე ამას ვერ შევაფასებ, ჩემი შესაფასებელი არ არის. მე არ ვარ სასამართლოზე ზემოთ, რომ ვთქვა, სასამართლო სწორი იყო, ან არ იყო. ეს პუნქტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის ზოგადი პუნქტი და ალბათ, შესასრულებელი. როგორ უნდა შესრულდეს, ამაზე უნდა იმუშაონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გაუჩინა თუ არა კითხვები ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებამ, სადაც ის აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთან კომუნიკაციაზე საუბრობს, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ცალსახად შეფასდა მართლმსაჯულებაში ჩარევად და მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნად, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან არ იცის, რა მოხდა, მაგრამ აშშ-ის ელჩი ამას არ ადასტურებს.

„მე არ ვიცი, რა მოხდა. აშშ-ის ელჩი ამას არ ადასტურებს. ძალიან ცუდია, როცა ბრალდებები ისმის ასე საჯაროდ ამერიკის ელჩზე, იმიტომ, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს და როცა ეს არის უმრავლესობის მიერ გადაკეთებული, როგორც ფორმალური ბრალდება ამერიკის ელჩზე, მესიჯბოქსი ყველასი ერთი და იგივეა, რომ პასუხი უნდა გაგვცესო, ეს ძალიან უხერხულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილონდონში, თიბისის მხარდაჭერით, საცხობების ქსელის – Entrée-ს რიგით მე-3 ობიექტი გაიხსნა
შემდეგი სტატიალუკაშენკო: ომი აღარ უნდა გაგრძელდეს, მისი დასრულება უკრაინაზეა დამოკიდებული