3 დღეა 24-მდე, სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და გვარამიას გათავისუფლება სერიოზული არგუმენტი იქნება – მარგველაშვილმა ჰარცელს წერილი გადასცა

მეოთხე პრეზიდენტის მიმართვა ევროპულ საბჭოს – გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს წერილი გადასცა, რომლითაც ის ევროკავშირის 27-ი წევრი ქვეყნის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

მარგველაშვილის მიერ შედგენილ გზავნილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.

როგორც მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნა, მანამ, სანამ ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადეს, ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება და ნიკა გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება.

“მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინ წინ ზე აღმატებული ფორმით. მეორე იყო ამ წერილზე პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით. მესამე ჩემი აზრით არის პოლიტპატიმრების გამოშვება.

კიდევ 3 დღეა 24 რიცხვამდე, თუ სააკაშვილს გაუშვებენ სამკურნალოდ და გვარამიას გამოუშვებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. მე არ ვიცი გვარამიას მანქანის არასწორ მოხმარებაზე საპყრობილეში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მიმართვას არ უერთდებიან მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და “ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო პერიოდში არჩეული პარლამენტის თავმჯდომარეები. მარგველაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის ადმინისტრაციისგან ასეთი განმარტება მიიღო:

“პრეზიდენტისგან ვიღაცამ გამომიგზავნა პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ასეთი წერილი უკვე გააგზავნა. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ისტორიული წერილია, სადაც ყველა ერთად მოვაწერდით ხელს. ჩვენი ყველას ბედზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი და მისი ისტორიული პერსპექტივა”, – თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ჩემი გუნდის წევრებს უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს
შემდეგი სტატიაკალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი