ალექსანდრე ძნელაძე-ველოდებით, რომ ორ-სამ თვეში სამომხმარებლო სესხები გაიაფდება

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში, მომდევნო ორ-სამ თვეში სამომხმარებლო სესხები გაიაფდება.

„სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით, მკვეთრად განსხვავებული მდგომარეობაა, რადგან რისკის შეფასება მოკლევადიან სესხებთან დაკავშირებით კვლავ არაპროგნოზირებადია. საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია და მოთხოვნებიც გამკაცრებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების გაცემაზე ეროვნული ბანკის დადგენილება უფრო მსუბუქია, ვიდრე ბანკების მოთხოვნა, თუმცა ეს მოკლე ვადაში გამოსწორებადი საკითხია, თუ რამე სხვა ფორსმაჟორი არ მოხდა. თუ არაფერი მოხდა, რეალურად ველოდებით, რომ ორ-სამ თვეში ვითარება გამოსწორდება“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხებზე მოთხოვნა, ასევე გაცემული კრედიტებისა და გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა გაზრდილია.

„მოთხოვნა, ასევე გაცემული სესხებისა და გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებლებს უკვე გადაცდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ერთი თვის მაჩვენებლით მზარდ დინამიკაზე ცალსახად საუბარი რთულია. აპრილი მკაცრი კარანტინის პერიოდი იყო, ივნისში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე წინასწარმა განცხადებამ კლიენტები მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. ივლისში დაფიქსირებული ზრდა შესაძლოა, ამის ეფექტიც იყოს. შესაბამისად, სანამ ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის მონაცემები არ გვექნება, დინამიკაზე ვერ ვისაუბრებთ. ჯერ რთულია იმის პროგნოზი, რომ წლის ბოლომდე ასეთი მზარდი ტრენდი შენარჩუნდება“, – განაცხადა ძნელაძემ.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკურმა საავადმყოფომ ოთხი თვის შემდეგ ემერჯენსის მიმართულებით მუშაობა აღადგინა
შემდეგი სტატიაწერეთელი მედოევის განცხადებაზე- ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რა პოლიტიკა აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში