ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია – გიორგი გელხაური

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ე.წ. ოქროს მოწმის დამალვის ადგილი დამწვარია – როგორც არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, ის ჯიხურთან 5 ივნისს იმყოფებოდა.

გიორგი გელხაურის თქმით, მსგავსი შემთხვევები აჩენს ეჭვებს და უფრო ბუნდოვანს ხდის საქმეს, იმ ფონზე, როდესაც კითხვები უკვე არსებობს.

„მე გუშინ ვიყავი ამ ადგილზე და ჯიხური, რომელიც ამირხანაშვილმა ახსენა, ჯიხურის გვერდით ადგილი დამწვარია. საუბარი იმაზე, რომ იქ იმალებოდა ამირხანაშვილი – შეიძლებოდა იქ ყოფილიყო რაიმე მტკიცებულება, ან დნმ. მით უმეტეს, როცა არის ეჭვი, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორი მიმართულებით. არ ვიცი, ზუსტად რომელ წერტილში იყო – მაგრამ იქ არის დამწვარი ადგილი და ეს ბუნდოვანებს სძენს საქმეს”, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

გურამ ამირხანაშვილი ფეხბურთელის საქმის „ოქროს მოწმეა“ – ის გიორგი შაქარაშვილის მეგობარია, რომელიც თბილისიდან ჩასულმა ექვსმა ახალგაზრდამ დიდუბეში ჩამოიყვანა. ამირხანაშვილის პირველი ჩვენებით, მას თავისუფლება იძულებით აღუკვეთეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

3 ივლისს ცნობილი გახდა,რომ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე – ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათესავია.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე-რაც შეეხება 500-მეტრიან აკრძალვას, ეს საერთოდ კომიკურია
შემდეგი სტატიატელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა