29 ივნისის ღამეს, რუსეთმა უკრაინას 60 რაკეტითა და თითქმის 500 დრონით შეუტია

29 ივნისის ღამეს, რუსეთმა უკრაინას 60 რაკეტითა და თითქმის 500 დრონით შეუტია. დარტყმების შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები და კოლეჯი, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. რუსული თავდასხმის მოგერიებისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული საჰაერო თავდასხმის მოგერიებისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა, ხოლო მისი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა.

“პილოტმა სრულად გამოიყენა ბორტზე არსებული შეიარაღება და მოაგერია შვიდი საჰაერო სამიზნე. უკანასკნელის ჩამოგდებისას მისი თვითმფრინავი დაზიანდა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო”. – წერია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პილოტმა ყველაფერი გააკეთა, რათა თვითმფრინავი დასახლებული ადგილიდან მოშორებით გაეყვანა, თუმცა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

სამხედრო უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან ეს F-16-ის ჩამოვარდნის მესამე შემთხვევაა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა იერიშისთვის 477 დრონი, Kh-47M2 კინჟალის ტიპის 4 ჰიპერბგერითი, ისკანდერ-M ან KN-23-ის 7 ბალისტიკური, Kh-101 ან ისკანდერ-K ტიპის 41, კალიბრის ტიპის 5 ფრთოსანი და 3 საზენიტო რაკეტა გამოიყენა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 475 ობიექტი ჩამოაგდო კერძოდ, განადგურდა 211 “შაჰედის” დრონი, “33 Kh-101/Iskander-K რაკეტა, ოთხი კალიბრის რაკეტა და ერთი ისკანდერ-M ბალისტიკური რაკეტა. ამავდროულად, ექვს დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა დარტყმები.

თავდასხმის შედეგად რამდენიმე რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. ჩერკასის ოლქის სმილას ქალაქში ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ხერსონის ოლქის სოფელ ბელოზერკაში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 70 წლის ქალი. დონეცკის ოლქის სოფელ ზაკიტნეში, დანგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ ცხედარი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშირაფაელ გროსი: ირანის ხელისუფლებას რამდენიმე თვეში შეეძლება ურანის გამდიდრების პროცესის განახლება
შემდეგი სტატიარუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის მოგერიებისას F-16 ავიაგამანადგურებელში პირველი კლასის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმ უსტიმენკო დაიღუპა