გიორგი მარგველაშვილმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი რამაზ დავითაიას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

“ვუსამძიმრებ დღეს დაღუპული ჩვენი თანამემამულის, რამაზ დავითაიას ოჯახს. იგი გმირულად იბრძოდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე მისი დაჭრის შემდეგ იმისათვის, რომ საქართველოს ერთგულ მეომართა რიგებში დარჩენილიყო. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ასევე ყველა სამხედროსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნული სამძიმარი ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ დავითაია მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში” და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის” და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.

banner
წინა სტატიაშინაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შესაძლოა გაუქმდეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საჭიროებს გარდაქმნას