28 წლის წინ, დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე გათენდა

28 წლის წინ, დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე გათენდა.

1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას აფხაზურმა მხარემ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამიშში დესანტი გადმოსხა. დესანტის გადმოსხმას რუსული სამხედრო ხომალდი უზრუნველყოფდა. დესანტის შემადგენლობაში რუსი სამხედროები და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები იყვნენ.

1993 წლის მარტში აფხაზებმა სოხუმზე შეტევა განახორციელეს. ქართულმა საჯარისო ნაწილებმა მოწინააღმდეგის შეტევაც მოიგერიეს და სერიოზული ზიანიც მიაყენეს მათ. აფხაზურ მხარეს სერიოზული დანაკარგები ჰქონდა. ამან ქართული მხარე მოადუნა. არავინ ელოდა რომ მოწინააღმდეგე ტამიშში დესანტს გადმოსხამდა და ამით სოხუმს დანარჩენ საქართველოს მოსწყვეტდა. სოხუმთან დამაკავშიებელი ერთადერთი სახმელეთო გზა ტამიშზე გადიოდა.

პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო. პირველივე შეტაკებისას 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რამდენიმე საათში ქართულ მხარეს უკვე სამასაზე მეტი მებრძოლი ჰყავდა დაღუპული.

ტამიშის დესანტი ქართული მხარისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ყველა ხვდებოდა, რომ თუ ტამიშის დესანტს არ გაანადგურებდნენ და ისინი ანუარხუს სიმაღლეს აიღებდნენ, რუსები და აფხაზები სოხუმზე დაიწყებდნენ შტურმს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე დესანტის განადგურების ოპერაციაში პრეზიდენტ ზვიად გამსაურდიას მომხრეებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ რუსების დესანტი განადგურდა, მაგრამ მანამდე ქართველებმა ბევრი სისხლი დაღვარეს.

სტრატეგიული სიმაღლის ანუარხუს აღება მოწინააღმდეგემ პირველად 3 ივლისს სცადა. როგორც მერე აღმოჩნდა ეს შეტევა დაზვერვით ხასიათს ატარებდა და ამ მიმართულებით ბრძოლა ერთი საათიც არ გაგრძელდა. ანუარხუს სტრატეგიულ სიმაღლეზე მომდევნო და ბევრად სერიოზული შეტევა რუსებმა და აფხაზებმა 9 ივლისს მიიტანეს. მანამდე აიღეს სოფელი კამანი. რომელიც სოხუმამდე 12 კილომეტრში მდებარეობდა. სოფლის დაცვა ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობა მოუწია. ქართული საჯარისო შენაერთები ტამიშის დესანტის განადგურებაზე იყვნენ გადართული. რუსებმა და აფხაზებმა კამანის პარალელურად სოხუმთან ახლოს მდებარე სოფელ შრომაზეც დაიწყეს შეტევა. პირველი შეტევა ქართულმა მხარემ მოიგერია. მეორე შეტევა წარმატებული აღმოჩნდა და შრომაც დავკარგეთ. მოწინააღმდეგე სოხუმთან ძალიან ახლოს მივიდა. ანუარხუს სიმაღლესაც თუ აიღებდნენ, სოხუმის აღება გაუიოლდებოდათ.

სისხლისგან დაცლილმა ქართულმა საჯარისო შენაერთებმა, მოხალისეებმა, პოლიციელებმა მაშინ შეუძლებელი შეძლეს და დესანტის განადგურებაც დაიწყო. ანუარხუს სიმაღლეზე წარუმატებული შეტევისას მოწინააღმდეგემ ასზე მეტი მებრძოლი დაკარგა. მეორე დღეს მათ კინდღის მიმართულებით სცადეს გადასვლა, მაგრამ ქართვეებმა გზა გადაუჭრეს და სერიოზული ზიანი მიაყენეს. 11 ივლისს ოჩამჩირიდან გადმოსულმა დამხმარე ძალამ დესანტის დარჩენილი ნაწილი გაანადგურა.

სოხუმი მაშინ გადარჩა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვით.

ტამიშის ბრძოლებს ასეულობით ქართველი მებრძოლი შეეწირა.

ჩვენი მებრძოლების არნახულ სიმამაცაზე სხვა ქვეყნებში ფილმებს გადიღებდნენ. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს თარიღიც კი არ ახსოვთ. არც გადარჩენილებს ეუბნებიან მადლობას და არც დაღუპულებს მიაგაბენ პატივს.

banner
წინა სტატიაშიკიევში ძირძველი ხალხების შესახებ კანონი მიიღეს-პუტინმა მას რუსების წინააღმდეგ “მასობრივი განადგურების იარაღი” უწოდა
შემდეგი სტატიამესტიაში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა