28 წლის წინ დაიწყო ომი აფხაზეთში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 14, 2020 16:19

28 წლის წინ დაიწყო ომი აფხაზეთში

საქართველოს ისტორია სამარადჟამოდ შემოინახავს 1992 წლის 14 აგვისტოს, როგორც კრემლის შორსმიმავალი გეგმით ინსპირირებული კონფლიქტის დაწყების თარიღს აფხაზეთში. ქართველთა და აფხაზთა შორის ამ დღეს გასროლილი ტყვიის ექო გახდა შეიარაღებული დაპირისპირების დასაბამი, რომელმაც საკუთარი სამშობლოსათვის თავგანწირული ვაჟკაცების, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ენგურსგაღმა და გამოღმა ქვეყნად გახლიჩა.
ომის მარცხით დასრულების შემდეგ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ დაუმალავთ, რომ კონფლიქტის დაწყებამდე მათ უკავშირდებოდნენ რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები და დახმარებას პირდებოდნენ აფხაზეთში ძალოვნების მეშვეობით წესრიგის დამყარებაში როგორც აფხაზ სეპარატისტთა ექსტრემისტული ფრთის, აგრეთვე „ზვიადისტების“ დასაშოშმინებლად, ასევე სარკინიგზო ტვირთების დასაცავად. პარალელურად, საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა სისტემატურად აწვდიდა შეიარაღებას არძინბას ე.წ. გვარდიას; ეს ყოველივე კი ცალსახად ცხადყოფს, რომ რუსეთი საკუთარი იმპერიული ზრახვების მისაღწევად „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, ორივე მხარეს შეიარაღებული დაპირისპირებისათვის გვამზადებდა… სამწუხაროდ, აფხაზებიც და ქართველებიც წამოვეგეთ პროვოკაციას და 28 წელია ორივე მხარე მის უმძიმეს შედეგებს ვიმკით… რუსეთის ფედერაცია კი განაგრძობს იმპერიის შოვინისტური ინტერესების ხორცშესხმას და მზად არის საკუთარი ჩექმის ძალით ჩაახშოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოს გაერთიანებისა და აფხაზთა თვითმყობადობის გადარჩენისკენ იქნება მიმართული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მოქმედი უმაღლესი საბჭო იმედოვნებს, რომ ჩვენი სახელმწიფო შეძლებს, ნომერ პირველი პრიორიტეტი გახდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ზრუნვა; არსებული ვითარებიდან გამოსავალი კი, საქართველოს ხელისუფლებამ, მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით, შერიგებით და ნდობის აღდგენით უნდა იპოვოს. ამ რთულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე წარმატების მისაღწევად აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ნეიტრალიზება, რაც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისმევით იქნება შესაძლებელი.
ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევამდე კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მთავრობა, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, ყოველი წლის 14 აგვისტოს დედაქალაქში, გმირთა მემორიალთან, საძმო საფლავებზე პატივს მიაგებენ დაღუპული გმირების ხსოვნას; დღესაც, ტრადიციულად, ყვავილების გვირგვინები მიიტანეს სამშობლოსათვის თავგანწირული ვაჟკაცების სახელების უკვდავყოფისა და პატივისცემის ნიშნად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 14, 2020 16:19