იანვრის მეორე კვირაში გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა

იანვრის მეორე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ასი ათას ადამიანზე 219 შემთხვევა შეადგინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაზრდილია სეზონური ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორივე მონაცემი შემცირებულია.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი წლის დღეებში მიმართვიანობამ იკლო და იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებით, გვაქვს უმნიშვნელო ზრდა მიმართვიანობის. ასევე 3 %-ით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლომდე, აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის იძლევა. ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა და მოთხოვნილება ვაქცინაციაზე, რომელიც გახლავთ უპირველესი პრევენციული საშუალება და მეთოდი გრიპის პროფილაქტიკის. წელს ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ავცერით, ვიდრე გასულ წელს. ახლა უკვე აცრილია დაახლოებით 96 900 ადამიანი. ჯერ კიდევ გვაქვს ვაქცინების მარაგი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაღალ რისკჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულებს, რომ ისარგებლონ ვაქცინაციით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატის, ტამიფლუს საკმარისი მარაგია.

„ქვეყანაში საკმარისია ანტივირუსული პრეპარატ ტამიფლუს მარაგი. ისინი გაიცემა საავადმყოფოებში, სრულიად უფასოა და საავადმყოფოებს ამისი სერიოზული მარაგი აქვთ. ასევე ტამიფლუ გაიცემა მინისტრის 30 დეკემბრის ბრძანებით ადამიანების ორ კატეგორია ჯგუფებზე – ესენია ორსულები და სოციალურად დაუცველები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების საშუალებით ექიმის დანიშნულების მიხედვით. ამ დროისთვის, დაახლოებით 200-მდე ადამიანზეა გაცემული და მათ შორის ჭარბობენ ორსულები.

ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში. გასულ კვირაში პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი. დაახლოებით 76%-ში გვაქვს B ტიპის გრიპი. დაახლოებით 6%-ში გვაქვს A ტიპის გრიპის H1 ქვეტიპი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთში ახალგაზრდა ქალს მრავლობითი დაზიანებები და ნაკვეთი ჭრილობები მიაყენეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის განცხადებით,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს