“ივანიშვილს ჰგონია, ამ მეთოდებით ჩაახშობს მოსახლეობის ბრაზს”

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს. ბოკერიამ პროკურორის განცხადებაზე, რომ საქმეზე ახალი გარემოება გამოიკვეთა, თქვა, რომ ახალი გარემოება არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომლის წინაშეც ბიძინა ივანიშვილი დგას.

“ივანიშვილი, ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნების ბანდა, პოლიტიკურ აგონიაშია. ჩემი შემთხვევა არ არის არც პირველი და არც მეორე, ზოგადად ამ კურსს დაადგა და მიაჩნია, რომ ამ მეთოდებით შეძლებს და ჩაახშობს იმ ბრაზს და აღშფოთებას, რომელიც აქვს არა ცალკეულ პერსონებს და პარტიებს, არამედ საზოგადოებას ან მის უდიდეს ნაწილს. ეს არის სიბრიყვე, ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, ზოგადად, აქ ჩემს პერსონალიაზე არც არის ლაპარაკი. რაც უფრო მეტ უტიფრობას ჩაიდენს და ასლანის გზას დაადგება, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ფინალი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა, გონს მოეგოს და ეს შეურაცხყოფა უკან წაიღოს, რაც ხალხს მიაყენა, თუ ვერ მოეგება გონს, მაგ სცენარისთვისაც მზად ვართ” – ამბობს ბოკერია.

ოპოზიციონერი ლიდერი პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

უშიშროების საბჭოს მიერ “დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე” გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.

banner
წინა სტატიაში“ცხვრის ქურქში გადაცმული „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს პატიმრების უფლებების დაცვას”
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია ტრაგიკომედიას უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელ „საკანონმდებლო“ ინიციატივებს