27 ოქტომბერს მასწავლებლის დღე დაწესდა – ღვაწლმოსილ პედაგოგებს მთავრობა სამკერდე ნიშნებს და 10 000 ლარს გადასცემს

საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება.

“აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

მოგეხსენებათ, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება.

ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწითელ მოედანზე შვილის გადასარჩენად გამოსული მამა დააკავეს
შემდეგი სტატია“ოცნებამ” ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მისცა, ლოგიკის მიმართულებას გადავხედავდი იმათ ადგილზე, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ხელისუფლებას სტატუსი არ უნდა – გვარამია