27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა

შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ანა ჯანიაშვილის თქმით, დღეს, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაყვანა იგეგმებოდა.

სახალხო დამცველის შიდა ქართლის წარმომადგენლის, ანა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა.

როგორც ჯანიაშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ მისი ჰოსპიტალიდან გადაყვანა იგეგმებოდა, რის გამოც სააკაშვილმა გონება დაკარგა.

„დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი. როდესაც გონებაზე მოვიდა უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. სად გადაჰყავდათ, არ ვიციო, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მოვითხოვე, მაგრამ არ მითხრესო. ამ ინფორმაციის ცნობის შემდეგ წნევამ ამიწიაო, შემდეგ დასტაბილურდა. ამ ემოციური ფონის შემდეგ, ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მდგომარეობის დასტაბილურებამდე მისი გადაყვანა შეჩერდა.

მე, პირადად ფიზიკური დაზიანებები არაფერი შემიმჩნევია და არც თვითონ არაფერი უთქვამს ამის თაობაზე. არ აღუნიშნავს, რომ ძალის გამოყენება მოხდა. მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა ჰოსპიტალიდან გაყვანა და ამას გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს და როცა მოვიდა გონებაზე, ექიმმა განუმარტა, რომ ის რჩებოდა ჰოსპიტალში.

საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის დეტალებში გადაწყვეტილების მიღების დროს და წინააღმდეგობის გაწევის დროს ხომ არ იყო მისი უფლებები შელახული“,- განაცხადა ანა ჯანიაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყოს.

„შესაძლოა, შიმშილობა დაიწყოს“,- განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული თანხმობის იდეაზე – თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი
შემდეგი სტატიასააკაშვილი: “შემოვიდნენ შავ ფორმაში ჩაცმულები… სცადეს ძალით გაყვანა, მე გავითიშე და არ მახსოვს არაფერი”