პაკეტს, რომლითაც საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი უქმდება, საპარლამენტო კომიტეტებში მომავალი კვირიდან განიხილავენ

პარლამენტი, მომავალი კვირიდან, კომიტეტების ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელი იქნება. ამ მიმართულებით ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის. მათ შორისაა “სამოქალაქო კოდექსსა” და “პოლიციის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც უქმდება არასასამართლო – საპოლიციო წესით, უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების შესაძლებლობა. ცვლილებები ხორციელდება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონშიც და კანონიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელობიდან პირის გამოსახლება-გამოყვანის შესაძლებლობას უშვებს.
საპოლიციო წესით პირთა გამოსახლების ინსტიტუტი 2007 წლიდან უძრავი ქონებიდან მოქმედებს.
საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის ზოგადი არსი მდგომარეობს შემდეგში: – თუ პირი აღრიცხულია უძრავი ნივთის მესაკუთრედ, ხოლო იმავე ნივთის მფლობელს მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია, ეს უკანასკნელი სხვისი საკუთრების ხელმყოფად მიიჩნევა და პოლიციის მოხელის წერილობითი გაფრთხილების საფუძველზე, ვალდებულია ნებაყოფლობით შეწყვიტოს ნივთის ფლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მფლობელობა შეწყდება სახელმწიფო (საპოლიციო) იძულების წესით, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
კანონებში დაგეგმილი ცვლილებებით კი, ფორმალურ მესაკუთრესა და ფაქტობრივ მფლობელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ დავას განიხილავს და გადაწყვეტს სასამართლო.
“სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილებების მიხედვით, სასამართლოს ენიჭება უფლება, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არა მარტო იმ შემთხვევაში, როცა ამ ღონისძიების გარეშე გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა ამ ღონისძიების გარეშე მხარეს შეიძლება მიადგეს ისეთი ზიანი, რომელიც ჯეროვნად კომპენსირებული ვერ იქნება ზიანის ანაზღუარების ტრადიციული მექანიზმის ფარგლებში.
ამასთან, სასამართლოს ენიჭება უფლება, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილება, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა
შემდეგი სტატია“ახალგაზრდა ადვოკატები” მურმან დუმბაძის ხელფასის საბანკო ანგარიშზე ყადაღას ითხოვს