27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

26 მაისს დაგეგმილ ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

26 მაისს დაგეგმილ ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან.

ამის შესახებ განცხადება სტუდენტებმა თსუ-ის ეზოში გააკეთეს.

“დღეს ჩვენ აქ ვდგავართ არა მხოლოდ როგორც სტუდენტები, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც გვართმევენ ყველაზე ძვირფასს – თავისუფლებას.

ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო თავისუფალი ერია. მაგრამ დღეს, როცა მთავრობა რუსული მეთოდებით გვებრძვის, როცა კრიტიკული აზრის გამო ქუჩაში დგომა დანაშაულად ითვლება, როცა აპატიმრებენ ჩვენს თანაკურსელებს, ლექტორებს, მეგობრებს, ჟურნალისტებს – 26 მაისი აღარ არის მხოლოდ ზეიმი. ეს არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღე!

ეს რეჟიმი ადამიანების სიცოცხლესაც კი არ აფასებს. საქართველოში არიან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები, რომელთა სიცოცხლე პირდაპირაა დამოკიდებული მედიკამენტებზე, თუმცა ხელისუფლება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შემოტანაზე უარს ამბობს. გვინდა შეგახსენოთ, რომ გრძელდება “დაიცავი ილიაუნის” მარათონი, სადაც ყველას შეგიძლიათ წვლილის შეტანა სიცოცხლის გადარჩენაში.
ხელისუფლება ანადგურებს განათლებას. ამცირებს შესაძლებლობებს და ჩვენი განვითარების რესურსებს. ატარებს ე.წ რეფორმას, რომელსაც არანაირო კავშირი არ აქვს განათლებასთან.

ქვეყანაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებენ, ტროტუარზე დგომის გამო ციხეში მიჰყავთ ადამიანები, ეს არ არის სახელმწიფო – ეს არის რეჟიმი, რომელსაც ეშინია ხალხის.
ამიტომ, 26 მაისს, ვიკრიბებით, რათა დავანახოთ მათ, რომ საქართველო არ არის ადგილი, სადაც ადამიანებს აზრის გამოხატვის გამო სჯიან. 26 მაისს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც
მარშით გადავინაცვლებთ პარლამენტთან. გელოდებით ყველას სტუდენტებს, ლექტორებს, მშობლებს, ექიმებს. მოდით ყველა, ვისთვისაც ღირსება და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია”
– განაცხადეს სტუდენტებმა.

ფოტო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა
შემდეგი სტატიარუსული მონიტორინგის ჯგუფი: ამერიკულმა თვითმფრინავმა რუსეთის დაზვერვა საქართველოს საჰაერო სივრციდან განახორციელა