26 მაისს პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაციისთვის მერიას ცალკე სივრცე გამოეყოფა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მისი უწყება დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში აქტიურადაა ჩართული.

ნარმანიას განცხადებით, 26 მაისის სახალხო დღესასწაული ძალიან ბევრი ღონისძიებებით იქნება დატვირთული და მერიას, პირველად, გამოეყოფა საკუთარი სივრცე, რათა აქტუალურ პროექტებზე და პროგრამებზე პრეზენტაცია გაკეთდეს.

„საჯარო სივრცეში იქნება ბევრი ღონისძიებები, სხვადასხვა სამინისტროების, უწყებების პროექტების, ტექნიკის გამოფენა. იქნება ასევე კონცერტები, სხვადასხვა გასართობი და კულტურული სახის ღონისძიებები. თბილისის მერია რასაკვირველია, აქტიურადაა ჩართული ამ საკითხების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ნაწილში. წელს ჩვენ პირველად გვექნება გამოყოფილი ცალკე სივრცე, სადაც თბილისის მერიის აქტუალურ პროექტებს და პროგრამებს პრეზენტაციას გავუკეთებთ“, – განაცხადა ნარმანიამ.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობაზე ვახტანგ გომელაურმაც ისაუბრა.

„იქნება გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება და მოქალაქეებს შეეძლებათ მოვიდნენ და ადგილზე დაათვალიერონ მძიმე ტექნიკაც და ჩვენი შეიარაღებაც. რაც შეეხება აღლუმის ჩატარებას, ამას მთავრობა გადაწყვეტს“, – განაცხადა გომელაურმა.

ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ ოფციას აირჩევს კულტურის სამინისტრო. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მისი უწყება ორ ვარიანტზე მუშაობს.

„კულტურის სამინისტროში 2 ოფციაზე ვმუშაობთ, რომელსაც ახლა არ გაგიმხელთ. ვნახოთ, რომელი გადაწყდება. თავად რუსთაველის გამზირზე კი ძალიან ბევრი, აქტიური ღონისძიება იქნება. უმეტესად ჩვენი სსიპ-ებისა და სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით“, – განაცხადა გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაში„ტენდერების ნაწილი ისე დაიხვეწება, რომ ჟურნალისტებს ამ ნაწილში საქმე გამოგელევათ“
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილმა პირველი მოადგილე შეცვალა