26 მაისს გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლილ მარშრუტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული ქუჩებისა და გამზირების ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

„ამ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს ალტერნატიულ გზებზე, კერძოდ: 24 მაისს 21:00 საათის შემდეგ შეიზღუდება მოძრაობა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი), მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი – ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მარშრუტები იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე (N11-ის მიმდებარე ტერიტორია).

26 მაისს მოძრაობა შეიზღუდება ორბელიანის მოედანზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადავა ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

26 მაისს ასევე 16:00 საათიდან 21:00 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით“, – აცხადებენ მერიაში.

აქვე აღნიშნავენ, რომ სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.

banner
წინა სტატიაშიახმეტაში ადგილობრივები წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამრიცხველიანებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაილია მეორე: ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას – ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას