დოლიძე-ჯანეზაშვილი: მომართვა იქნება პარლამენტის მიმართ, რომ განუხილველად დატოვოს ან ჩააგდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა შესაძლოა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების ჩაგდებისკენ მოუწოდოს. აღნიშნული განცხადება დღეს ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გააკეთეს, რომლებიც პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულ დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სადაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის დროს გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობენ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი წინ არ წავიდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც, ბოლოს და ბოლოს, წითელ და მწვანე ღილაკს უნდა დააჭირონ, ამ თემაზე ზუსტად იცოდნენ, რა ფენომენთან აქვთ საქმე, რა ტიპის გარიგებებს, შეთანხმებებს ჰქონდა ადგილი აქამდე და ზუსტად იცოდნენ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც გაიზიარებენ, თუ ამ პროცესს მსვლელობას მისცემენ. თუ იუსტიციის საბჭო განაგრძნობს მანამდე, თავზეხელაღებულად მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და კარიერულ დაწინაურებაზე ფიქრს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი მომართვა იქნება პარლამენტის მიმართ, რომ მან განუხილველად დატოვოს ან ჩააგდოს ეს სია,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 45 კანდიდატზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები.

„თვალსაჩინოა, ძალზედ აშკარაა, რომ საბჭოს წევრები, როგორც ჩანს, ურიგდებიან ერთმანეთს, მოლაპარაკებები აქვთ ერთმანეთთან და ისე იღებენ გადაწყვეტილებას. ასეთ მნიშვნელოვან პროცესში წინასწარი გარიგება და მოლაპარაკება არის ძალიან სავალალო მდგომარეობა და მას უნდა მოჰყვეს სათანადო შეფასება. როგორც ვხვდები 45 ადამიანზე იყვნენ წინასწარ შეთანხმებული და ის 5 ადამიანი, რომელიც 3 ხმით გადავიდა შემდგომ ეტაპზე, ეს, ასე ვთქვათ, გადმოგვიგდეს ჩვენ, რომ თუკი ვინმე რამე ხმას მიიღებდა, რომ მაინც გადასულიყო, მაგრამ მათთვის ალბათ, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ის 45 ადამიანი. თუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ წარმოადგინა კარგი კანდიდატები, პარლამენტი ვისზე გააკეთებს არჩევანს. ერთადერთი შანსი რჩება ის, რომ ჩააგდოს ეს კანდიდატები,“ – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე : პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს მიკროსკოპის ქვეშ გავატარებთ
შემდეგი სტატიაინციდენტი გერმანიაში – პრეზიდენტმა ქართველ სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა