“25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის”

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, თაობები უნდა გაიზარდონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების, გმირების და მათი იდეების საძირკველზე.

როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ყველა მოქალაქე, ვინც წინ აღუდგა, შეეწირა და ემსხვერპლა გასაბჭოებას, მათი სახელები, ხსოვნა და შეწყვეტილი ცხოვრება ავალდებულებს ყველას, რომ საქართველო იყოს ისეთი როგორზეც ისინი ოცნებობდნენ.

“ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორია გიყვართ, დამეთანხმებით, 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის. ჩვენ ყოველთვის ვებრძოდით სხვადასხვა ჯურის მტერს და თუ ვმარცხდებოდით, ეს დამარცხებაც ღირსეულად გვიტარებია. ამის პარალელურად, უღირსობაც უსაზღვრო ვიცით, თვითონ, ქართველის ხელით მოტანილი მტრობა და ზიანი ყოველთვის მოუშუშებელ ჭრილობად რჩებოდა ჩვენს ისტორიაში. ასე იყო ამჯერადაც, მოღალატე ქართველების მიერ შემოყვანილი ბოლშევიკური ტერორი დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში ხანგძლივად და საფუძვლიანად, მოსპო ყველაფერი საუკეთესო, თუ რამე მოვიტანეთ თანამედროვე საქართველოს კარამდე. ამ რეჟიმის საშინელი კვალის წაშლას ჩვენს ცნობიერებაში თაობები დასჭირდება. თაობები უნდა გაიზარდონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების, გმირების და მათი იდეების საძირკველზე! იუნკერები, მოხალისეები, ოფიცრობა, სტუდენტობა, თავად-აზნაურობა, გლეხობა და ყველა მოქალაქე, ვინც წინ აღუდგა, შეეწირა და ემსხვერპლა გასაბჭოებას, ვინც რეპრესიების წლებში დატანჯეს, შეურაცხყვეს და გააქრეს… მათი სახელები, ხსოვნა და შეწყვეტილი ცხოვრება გვავალდებულებს, რომ საქართველო იყოს ისეთი როგორზეც ისინი ოცნებობდნენ და შექმნიდნენ კიდეც, რომ დასცლოდათ”, – წერს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომმა”, იტალიურ და ბერძნულ კომპანიებთან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ მემორანდუმი გააფორმა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველ სამხედროებს შეხვდა