25 NGO განცხადებას ავრცელებს: არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით

25 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აჯამებს და აცხადებს, რომ არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება. ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

როგორც NGO-ების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს.

“არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა. მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3 ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს”, – აცხადებენ NGO-ები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია (GYLA)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
კავშირი „საფარი“
მწვანე ალტერნატივა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საქართველოს მედია-კლუბი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
ინფორმაციის განვითერაბის თვისუფლების ინსტიტუტი (IDFI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
რეგიონის განვითარების ცენტრი
საქართველოს ეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)
სამოქალაქო ინიციატივა
სათემო ფონდი ლელი
სათემო ოქგანიზაცია „ნუკრიანი“
პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში – ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა.

fb

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : ტრამპის გადარჩევა ორგანულად აუცილებელია ამერიკისა და მსოფლიო პოლიტიკისთვის
შემდეგი სტატიაადამ კინზინგერი კონგრესმენად ხელახლა აირჩიეს